კანონპროექტი, რომელიც კანონად ქცევის შემდეგ ათასობით პატიმარს შეეხება - ამნისტიის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში პირველი მოსმენით მხარდაჭერილია, საბოლოოდ, მისი მიღება საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.
განხილვის პროცესში ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი მონაწილეობს და მხარსაც უჭერს, მათ შორის არის "გირჩი." პარტიაში ფიქრობენ, რომ ინიციატივა კარგია, თუმცა, უკეთესი იქნება თუ ამნისტია უფრო მეტ მუხლზე გავრცელდება.
"ცხადი იყო, რომ ეს საჭიროა, რაც შეიძლება ფართო ამნისტია. ამნისტია, რომელიც ჩვენი ინიციატივა იყო, საყოველთაო ამნისტიას გულისხმობდა. "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული ბევრად უფრო ნაკლები მასშტაბის არის, მაგრამ მაინც სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ამიტომ მაქსიმალურად ვეცდებით ყველა ეტაპზე მოვძებნოთ სივრცე, რომ გავაფართოოთ ამნისტია და ისეთ მუხლებზე განვავრცოთ, რომელიც "ქართული ოცნების" ლოგიკიდან გამომდინარეობს და ახლა რატომღაც არის გამოტოვებული," - განაცხადა "გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ოპოზიციის მეორე ნაწილი კი პროექტს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.
"ამნისტია არის მნიშვნელოვანი ცივილიზებული მონაპოვარი და ჰუმანური ჟესტი, ამიტომ ამნისტიის საწინააღმდეგო "ლელოს" არაფერი არ გააჩნია. რაც შეეხება კონკრეტულ ამნისტიას, ჩვენ უნდა გავეცნოთ კონკრეტულ მუხლებს, გავიაზროთ ამ მუხლების ერთობლიობა საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან მიმართებით და ასე ავწონ-დავწონოთ ამნისტიის ავკარგიანობა," - განაცხადა "ლელოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ.
მმართველი გუნდი კი ყველას მოუწოდებს, კანონის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება შეწყვიტონ. ქართული ოცნების განცხადებით, ამ აქტით, საქართველო ევროპულ სტანდარტს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება.