ისრაელის მხრიდან პალესტინის ტერიტორიის ოკუპაცია უკანონოა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს - აღნიშნული გადაწყვეტილება გაეროს სასამართლომ გამოაცხადა.
სასამართლოს დასკვნით, ისრაელმა უნდა აანაზღაუროს პალესტინის ტერიტორიებზე საკუთარი მმართველობით მიყენებული ზიანი. გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, სასამართლომ პოლიტიკა და სამართალი ვერ გამიჯნა და სახიფათო გადაწყვეტილება მიიღო, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი განაცხადა, რომ ისრაელელი ხალხი საკუთარ მიწაზე ოკუპანტი არ არის.
პალესტინისა და ისრაელს დავის განხილვა, გაეროს გენერალური ასამბლეის მოთხოვნის საფუძველზე, ღაზის სექტორში ომამდე დაიწყო. ახალი გარემოებები ომის მსვლელობისას დაემატა.
15 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის მოსაზრებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაა. კონფლიქტის მოგვარებაზე ამერიკის შეერთებული შტატებიც მუშაობს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტი ბაიდენის მიერ წარდგენილი გეგმა მხარეებთან შეთანხმების ბოლო ეტაპზეა.
მოლაპარაკებების პარალელურად, ღაზაში სამხედრო მოქმედებები არ წყდება. დღეს ნუსეირათის დევნილთა ბანაკზე ისრაელის იერიშს 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტებით, მიმდინარე კამპანია ისრაელის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ზომაა.
ახლო აღმოსავლეთში ომს უკვე ემსხვერპლა 40 058 ადამიანი.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.