22 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების საქმე - გრიფით საიდუმლო საქმეზე გამოძიებას კითხვები უკვე 3 პირთან აქვს

გრიფით საიდუმლო საქმეზე გამოძიებას კითხვები უკვე 3 პირთან აქვს. ნადიმ ხმალაძე, კიდევ ერთი, რიგით მესამე უკრაინის ომის მონაწილე ქართველია, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა. ხმალაძე სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას თავად ავრცელებს და ასახელებს მუხლებსაც, რომლითაც საქმის გამოძიება მიმდინარეობს.

საქმის საფუძველი და გარემოებები უცნობია იმის გათვალისწინებით, რომ მას გრიფი - საიდუმლო დაადეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "კურიერს“ მხოლოდ იმას უდასტურებენ, რომ გამოძიება ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.

ამავე საქმეზე, გუშინ, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, გამოიკითხა ლაშა ჭიღლაძე, რომელიც ასევე რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილე მებრძოლია.

საქმის დეტალებზე არც გუშინ და არც დღეს არ ისაუბრა ჭიღლაძის ადვოკატმა. ამბობს, რომ საქმის მასალებს არ გასცნობია, რადგან ჭიღლაძე სუს-მა მოწმის სტატუსით დაიბარა და არა- ბრალდებულის. გამოკითხვის შემდეგ, ლაშა ტყეშელაძე, მედიასთან მხოლოდ 315-ე მუხლი ახსენა, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გულისხმობს. მოგვიანებით, კურიერს სუს-ში დაუდასტურეს, რომ ძიებას მეორე ნაწილიც აქვს და ეს 18/323- ტერორიზმის მუხლია. უკვე დღეს ადვოკატს განმარტების გაკეთება მოუწია იმაზე, თუ რატომ არაფერი თქვა ტერორიზმის მუხლზე. ტყეშელაძის თქმით, ის იმ ინფორმაციას დაეყრდნო, რომელიც გამოკითხვის დროს მაგისტრმა მოსამართლემ გააჟღერა.

ცნობილია, რომ სუს-ში დაბარებულია ლაშა ჭიღლაძის თანამებრძოლი, ვაჟა ცეცაძე. სავარაუდოდ, ისიც გადატრიალების მცდელობისა და ტერორიზმის მუხლით აღძრულ საქმეზე გამოიკითხება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ამ ეტაპზე, საქმის გარემოებების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. უწყება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ძიება 315-ე და 18/323 მუხლებით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები