22 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
"კურიერის" აბრეშუმის გზა - ჩინეთში, "რუსთავი 2-მა" ის მთავარი ტერმინალები და კომპანიები გადაიღო, რომელიც ჩინეთის ეკონომიკაში დიდ ადგილს იკავებს

ურუმჩის სახმელეთო პორტი ჩინეთისთვის მეხუთე, ანუ ბოლო – ევროპისთვის კი ყველაზე ახლო ტერმინალია. სინძიანის პროვინციიდან აბრეშუმის დიდი გზა, 2011 წლიდან დღემდე, სხვადასხვა პროდუქტით დატვირთულმა 90 000-ზე მეტმა მატარებელმა გაიარა. ბოლო მონაცემებით, სახმელეთო პორტი, ყოველწლიურად, ევროპისა და აზიის მიმართულებით, 7 000 რეისის გატარებას უზრუნველყოფს. ერთ მატარებელს ტანსაცმლით, ტექნიკითა და ავტონაწილებით დატვირთული 60 კონტეინერი გადააქვს. ერთ–ერთ ყველაზე დიდ ბაზართან - ევროპასთან დაკავშირება კი, კასპიის ზღვის გავლით, საქართველოდან ხდება.

საქართველოსთან თანამშრომლობას უკვე გეგმავს ავტომობილების მწარმოებელი, ერთ–ერთი ყველაზე დიდი ჩინური კომპანია. კონკურენტულ ბაზარზე კომპანია "გონჯუმ" წარმოების რეიტინგის ათეულში მოხვედრა სულ რაღაც 6 წელიწადში მოახერხა. თავდაპირველი მიზანი რეგიონში ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება იყო, დღეს კი მენეჯმენტი გაყიდვებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს საერთაშორისო ბაზარზე აწარმოებს.

აბრეშუმის გზით, "კურიერი" ქალაქ ურუმჩიდან იინინგში ჩავიდა, რომელიც ქვეყანაში ერთ–ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია. ჩინეთისა და ყაზახეთის საზღვრის სიმბოლოდ მიჩნეული კოშკის მიმდებარედ ხორგოსის პორტი მდებარეობს. ტერმინალი ტვირთის გატარებას ჩინეთიდან ყაზახეთის გავლით უზრუნველყოფს, ქვეყნებს შორის კი სავაჭრო პარტნიორობის მთავარი მიმართულებაა. ეკონომიკური ზონა ტურისტების ყურადღებას იმითაც იქცევს, რომ სავაჭრო ცენტრებში პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან შედის.

საქართველოსთან კავშირებზე საუბრობენ ერთ–ერთ წამყვან მწარმოებელ სავაჭრო კომპანიაში, სადაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობენ. იინინგის ტერმინალიდან, ჩინეთი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს, იმპორტის გზით კი, კომპანია საქართველოდან ღვინოს ყიდულობს.

იინინგის შემდეგ, "რუსთავი 2" შაიას ოლქში, კუქაში მდებარე უდაბნოში გაემგზავრა. გაუდაბნოებული ტერიტორიის 32 000-ს კვადრატულ მეტრზე, მზის ელექტროენერგიის პანელებია განთავსებული. ტერიტორია მზის ენერგიით განსაკუთრებით მდიდარია. სამრეწველო პარკის გაშენების მიზანი, ელექტროენერგიის მიღებასთან ერთად, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაა. 2015 წლის შემდეგ, ყოველდღიური მუშაობის შედეგად, პარკი, რომელიც საათში 250 მეგავატს გამოიმუშავებს, ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შევა და ელექტროენერგიას 100 000-ზე მეტ ოჯახს მიაწვდის.

ელექტროენერგიის პანელების პარკის მსგავსად, რამდენიმე წელიწადში გაშენდა "კუქა ლიჰუა ტექსტილი". კომპანია, რომელიც დღეში 50 ტონა ბამბასა და ძაფს აწარმოებს, 3 წლის წინ დარეგისტრირდა. ბამბის მოსაპოვებლად, ტექსტილის მეპატრონეებს 133 000 ჰექტარი აქვთ ათვისებული. მაღალი ხარისხის ბამბა და ძაფი ჩინეთის პროვინციებში ნაწილდება. იკერება ტანსაცმელი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება.

ტერმინალები და კომპანიები, რომელიც "კურიერმა" ჩინეთში გადაიღო, აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელს წარმოადგენს. აბრეშუმის გზა ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებთან აკავშირებს.

 

დღის ამბები