ამნისტიის პროექტი, სხვადასხვა ეფექტით, 300-მდე მუხლზე ვრცელდება და, ამ ცვლილებებით, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა უნდა შემცირდეს. სახელისუფლებო გუნდის მიზანია, ამ აქტით, ევროპულ სტანდარტს საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს.
კანონპროექტის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, პატიმართა ნაწილი პასუხისმგებლობისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო ნაწილს სასჯელი 1/2-ით, 1/4-ითა და 1/6-ით შეუმცირდებათ. ჰუმანური აქტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა, საბოლოოდ მისი მიღება კი საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. კანონპროექტის ავტორი, მანამდე დოკუმენტში ცვლილებებს არ გამორიცხავს.
ამნისტიის კანონპროექტის განხილვის პროცესში ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი მონაწილეობს და მხარსაც უჭერს, მათ შორის არის "გირჩი". პარტიაში ფიქრობენ, რომ ინიციატივა კარგია, თუმცა, უკეთესი იქნება თუკი, ამნისტია უფრო მეტ მუხლზე გავრცელდება. "გირჩს" აქვს მოლოდინი, რომ მეორე მოსმენამდე, სახელისუფლებო ძალა მათ წინადადებებსაც გაიზიარებს.
ოპოზიციის მეორე ნაწილი ამნისტიის პროექტს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ, ამ აქტით, მმართველი ძალა, არჩევნებისთვის მსჯავრდადებული პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების ხმების მობილიზებას ცდილობს.
სახელისუფლებო გუნდისთვის, ოპოზიციის მსგავსი რეაქცია მოულოდნელი არ ყოფილა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტებისთვის პატიმართა რესოციალიზაცია პრიორიტეტული საკითხი არ არის. გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ კონკრეტული პირები ამნისტიის პროექტით მანიპულირებენ. სწორედ ამიტომ, სახელისუფლებო ძალა მოუწოდებს ყველას, კანონის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება შეწყვიტონ.
ამნისტიის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში, პირველი მოსმენით, გუშინ მიიღეს. ინიციატივას მხარი, 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება. ამნისტია ათასობით პატიმარს შეეხება, აქედან დაუყოვნებლივ 1000 გათავისუფლდება. კანონპროექტი არ გავრცელდება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე.