22 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
სენატორი ბობ მენენდესის ერთ-ერთი ბრალდების თანახმად, მან, მეუღლესთან ერთად, ასობით ათასი დოლარი და ოქროს ზოდები მიიღო იმის სანაცვლოდ, რომ მენენდესი ეგვიპტეში იარაღის გაყიდვას ხელს შეუწყობდა

სენატორი ბობ მენენდესი, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, დამნაშავედ ცნეს მის ფედერალურ კორუფციულ საქმეში, სხვა საკითხებთან ერთად, ქრთამის აღების, მართლმსაჯულების ხელის შეშლისა და ეგვიპტის საგარეო აგენტის როლში მოქმედებისთვის. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი სენატორი მჯავრდებულია უცხოეთის აგენტის როლში.

საადვოკატო ფირმა "Wiley", სენატორის საქმესთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2023 წლის სექტემბერში, სენატორ მენენდესს ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი წაუყენეს კორუფციის ბრალდებით, სავარაუდო ქრთამის აღებისთვის, რათა დახმარებოდა ნიუ ჯერსიში ბიზნესპარტნიორებს, რომლებიც ეგვიპტის მთავრობასთან იყვნენ დაკავშირებული. სენატორმა, მეუღლესთან, ნადინ მენენდესთან ერთად, მიიღო ასობით ათასი დოლარი და ოქროს ზოდები ნიუ ჯერსის ბიზნესმენებისგან იმის სანაცვლოდ, რომ მენენდესი ეგვიპტეში იარაღის გაყიდვას ხელს შეუწყობდა.

2023 წლის ოქტომბერში, ფედერალურმა პროკურორებმა წარადგინეს საბრალდებო დასკვნა ახალი ბრალდებების მიხედვით, რომ მენენდესმა შეთქმულება მოაწყო ცოლთან და ნიუ ჯერსის ორ ბიზნესმენთან ერთად, რათა ემოქმედათ უცხო ქვეყნის აგენტებად ეგვიპტისთვის და აშშ-ის მთავრობის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებით ეგვიპტის ინტერესების წარმატებისთვის დახმარება გაეწიათ. ბრალდებები აღწერს მანჰეტენში, სადილზე გამართულ შეხვედრებს სენატორ მენენდესს, ნადინ მენენდესს, ბიზნესმენ ვაელ ჰანასა და ეგვიპტელ ჯერჯერობით უცნობ ოფიციალურ პირებს შორის, რომლის დროსაც გავრცელდა საიდუმლო ინფორმაცია.

"Wiley"-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ფედერალური კანონი უკრძალავს საჯარო მოხელეებს, იმსახურონ უცხოელ აგენტად, თუნდაც ის რეგისტრირებული იყოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) მიხედვით.

სენატორი მენენდესი 12 პირისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ წარდგენილ 16-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო, მათ შორის, ქრთამის აღების, გამოძალვის და საჯარო მოხელის უცხო ქვეყნის აგენტად მოქმედებისთვის შეთქმულებაში.

დღის ამბები