22 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
ნიკა გვარამიას შეცვლილი რიტორიკა რუსეთთან საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობაზე - მმართველი გუნდი გვარამიას შეცვლილ განცხადებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს

მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას შეცვლილ რიტორიკას მოახლოებულ არჩევნებს და "ქართული ოცნების" პრაგმატული პოლიტიკის შედეგებს უკავშირებს. საუბარია "ახალის" ლიდერის მიერ, ერთ-ერთ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც გვარამიამ რუსეთთან ფრენების აღდგენა, ვაჭრობა და ტურიზმი პოზიტიურ ჭრილში განიხილა.

ოპონენტს, სახელისუფლებო გუნდიდან წარსულში მის მიერ რადიკალურად განსხვავებული განცხადებებიც შეახსენეს.

რამდენიმე წლის წინ ნათქვამი სიტყვების შინაარსს, დღეს თავად გვარამია აღარ იმეორებს. ამბობს, რომ წარსულშიც გულწრფელი იყო, თუმცა მისი მწვავე განცხადებები რუსეთთან ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების შეწყვეტას არ გულისხმობდა. "ახალის" თანადამფუძნებელი დღეს ოკუპანტ ქვეყანასთან სავაჭრო თანამშრომლობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ რუსეთთან ე.წ. "არ გაღიზიანების" პოლიტიკის მომხრეა.

მმართველ გუნდში გვარამიას გარდასახვას მის პოლიტიკურ უპრინციპობას და "ქართული ოცნების" პრაგმატული პოლიტიკის ირიბ აღიარებას უკავშირებენ.

ნიკა გვარამიას ახალ პოლიტიკური გზავნილებს, არათანმიმდევრულს და დამაზიანებელს უწოდებენ კოლეგა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ნაწილი მიიჩნევს, რომ ყოფილმა მედიამენეჯერმა დამატებითი განმარტებები უნდა გააკეთოს. მეორე ნაწილისთვის კი, გვარამიას რიტორიკის გარდასახვა მხოლოდ პოპულიზმია.

გვარამია ცდილობს ამომრჩევლის გული გზავნილების შეცვლით მოიგოს - ასეთია მმართველი პარტიის ლიდერების პოზიცია. პოლიტიკოსების თქმით, ამ ფორმით ოპონენტი ქართული საზოგადოების უმრავლესობის საჭიროებებზე პოპულისტურად თამაშობს.

საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა აქტიური კამპანიის წარმოება დაიწყო. როგორც ჩანს, პარტია "ახალი" ელექტორატის მიმხრობას, ახლა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზების დაპირებით ეცდება.

დღის ამბები