ცხრა თვის შემდეგ, პრეზიდენტი და პარლამენტი კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოში იდავებენ. წინა შემთხვევისგან განსხვავებით, მომჩივანი მხარე ამჯერად სალომე ზურაბიშვილია. სარჩელი კი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ეხება. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონი არაკონსტიტუციურია და მის გაუქმებას ითხოვს.
პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მიმართოს იმავე სასამართლოს, რომელმაც კონსტიტუციის დამრღვევად ცნო - მმართველი გუნდისთვის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმურობის აღიარებას ნიშნავს. შალვა პაპუაშვილმა დღეს, პრეზიდენტის მიერ მოსამართლეების კრიტიკაც გაიხსენა და განაცხადა, რომ ზურაბიშვილის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა, როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური სტანდარტების უარყოფაა.
სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, სასამართლოში სარჩელის შეტანას მიესალმებიან ოპოზიციაში, რომლებიც პრეზიდენტის მსგავსად, თავადაც ამზადებენ სარჩელს. ოპოზიციაში არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც.
პრეზიდენტის მხრიდან სასამართლოსადმი მიმართვის მოტივი ბუნდოვანია მმართველი გუნდისთვის. "ქართული ოცნების" წევრებისთვის სალომე ზურაბიშვილი იმ რადიკალურ ჯგუფთან ასოცირდება, რომლის მიზანი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობაა. სახელისუფლებო გუნდის ლიდერები, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საჭიროებაზე აკეთებენ აქცენტს.
პარლამენტმა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი 14 მაისს დაამტკიცა. მაისის ბოლოს კი საპარლამენტო უმრავლესობამ ამავე კანონზე დადებული პრეზიდენტის ვეტო დაძლია და პროექტს კვლავ პირვანდელი სახით უყარა კენჭი.