22 ნოემბერი 2024,   10:07
ვრცლად
ერთი მხრივ ამბობენ, რომ სასამართლო არ ვარგა, მეორე მხრივ კი მიდიან და ამ სასამართლოში ეძებენ სამართლიანობას - ალექსანდრე რაქვიაშვილი პრეზიდენტზე

პრეზიდენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევიდა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა, ზუსტად ცხრა თვის წინ უნდობლობა გამოუცხადა.

მაშინ პრეზიდენტი მოპასუხე იყო, უნებართვო ვიზიტებზე სარჩელი კი "ქართულ ოცნებას" ეკუთვნოდა. სასამართლოს მაშინდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნის საფუძველი გახდა.

ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ოპოზიციის ნაწილისთვის სალომე ზურაბიშვილის მცდელობა გაუგებარია:

"თუ პრეზიდენტს იგივე დამოკიდებულება აქვს, რაც ერთი წლის წინ ჰქონდა, როცა სასამართლოში მიდიოდა, არ მესმის ახლა რა მოტივით მიდის სასამართლოში. ყოველთვის მაკვირვებს პრეზიდენტის, არასამთავრობოების თუ ოპოზიციის ღრმა რწმენა ინსტიტუციებში, როცა ერთი მხრივ ამბობენ, რომ სასამართლო არ ვარგა, კონტროლირებადია და კლანით იმართება, მეორე მხრივ კი მიდიან და ამ სასამართლოში ეძებენ სამართლიანობას. ჩემი აზრით, ეს მეტი არაფერია გარდა იმისა, რომ ყურადღების გადატანა ხდება,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია კი, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვან პრეცედენტად აფასებს:

"მე ვერ ვილაპარაკებ პრეზიდენტის სახელით, ეს მას უნდა ჰკითხოთ, თუმცა ეს არის ერთი მნიშვნელოვანი პრეცედენტი. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ისეთი ტიპის გადაწყვეტილებას, რომელიც არ შეესაბამება ფართო გავრცელებულ საღ აზრს და რომელსაც არ ექნება შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტაცია, ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასტური იმ მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა არის დღეს სამწუხაროდ ჩაფლული," - აცხადებს "ლელოს" წევრი, გრიგოლ გეგელია.

დღის ამბები