22 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
9500-ზე მეტი პატიმარი იმ კანონპროექტის კანონად ქცევის მოლოდინშია, რომელიც მმართველმა გუნდმა დააინიცირა - ვის შეეხება ამნისტიის კანონპროექტი

გისოსებს მიღმა, საკუთარ დანაშაულთან მარტო დარჩენილი 9500 - ზე მეტი პატიმარი ახლა იმ კანონპროექტის კანონად ქცევის მოლოდინშია, რომელიც მმართველმა გუნდმა დააინიცირა - საქართველოს კანონი ამნისტიის შესახებ. 11 გვერდისა და 16 მუხლისგან შემდგარი დოკუმენტის მიხედვით, ამნისტია სხვადასხვა ფორმით ათასობით ადამიანს შეეხება.

ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებს, კონკრეტულად რომელ მუხლებს - სია ვრცელია.

ევროპის საბჭოს ანგარიშის მიხედვით, ყოველ 100 000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით საქართველო ევროპაში მოწინავე ადგილზეა, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტია, ეს პრემიერ-მინისტრმა, ჯერ კიდევ თებერვალში თქვა.

ოპტიმალურ მაჩვენებელთან მიახლოებას კი ხელი ამნისტიის შესახებ ახალმა კანონპროექტმა უნდა შეუწყოს, რომელმაც იმ ოპოზიციური პარტიის მოწონებაც დაიმსახურა, რომელსაც მსგავსი ინიციატივა თავადაც ჰქონდა. იაგო ხვიჩიას აქვს შენიშვნებიც.

"ქართული ოცნების" კანონპროექტში, რომელიც მიხეილ სააკაშვილს არ ეხება, მოსაწონი ვერაფერი ნახა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ. თინა ბოკუჩავასთვის ამნისტიის ინიციატივა წინასაარჩევნო ნაბიჯია.

"ქართული ოცნება" ამბობს, რომ სასჯელის შემსუბუქება არა კონკრეტულ პირებზე, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების სიმძიმეზეა დამოკიდებული.

ერთის მხრივ, სასჯელაღსრულების დაწესებულებების განტვირთვა, მეორეს მხრივ კი, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა - ეს პრემიერ-მინისტრის თქმით, კანონპროექტის მთავარი მიზანია.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ხვალ ბიუროს სხდომაზე გავა, პირველი მოსმენით დეპუტატები კენჭს 19 ივლისს უყრიან. მეორე და მესამე მოსმენა კი საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.

ავტორი: ნანა გოგატაძე, ზურა ნერგაძე.

დღის ამბები