22 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
პოლიტიკურ ველზე წინასაარჩევნო გადალაგებები დაიწყო - როგორ ჩამოყალიბდება საბოლოოდ ოპოზიციის გაერთიანებები

ახალი კვირა ახალი გაერთიანებით დაიწყო. ზურაბ ჯაფარიძის "გირჩი", ელენე ხოშტარიას "დროა" და გვარამია-მელიას "ახალი".

ერთ დროს თანაგუნდელების პოლიტიკური გზა წლების შემდეგ ისევ გადაიკვეთა, თუმცა ერთი გაერთიანების ერთი ამბავი ამით არ სრულდება. ამ ჩამონათვალში საკუთარი ადგილი უნდა ჰქონდა "ლელოსაც", მაგრამ ხაზარაძე-ჯაფარიძის ინტერესები ამ გაერთიანებისას ვეღარ დაემთხვა. იყო თუ არა უთანხმოების მიზეზი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი - ამაზე პარტიაში ღიად არ საუბრობენ.

გამარჯვების ფორმულის ძიებაში ინტერესების შეუთავსებლობა დაივიწყა ნიკა მელიამაც, ოღონდ "ნაციონალურ მოძრაობასთან". მელიამ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, მიზეზად კი პარტიაში არაფორმალური მმართველობა დაასახელა, კონკრეტულად კეზერაშვილისა და მერაბიშვილის გვარები, თუმცა 7 თვის შემდეგ მისი გზა ხოშტარია- ჯაფარიძემდე მივიდა, იმ სუბიექტებამდე, რომლებიც თავად კეზერაშვილთან თანამშრომლობას არ მალავენ.

პოლიტიკური ამნეზიის მაგალითი წინასაარჩევნოდ ქვეყანას ბევრი ახსოვს. წარსულის წყენის დავიწყების გზას, შესაძლოა, ამჯერად გახარიას და ხაზარაძის პარტიებიც დაადგნენ. შეცვლის თუ არა მუქარის წერილს პარტნიორობის ხელი - "ლელოს" ლიდერი ყოფილი პრემიერისგან პოზიციების დაფიქსირებას ითხოვს, ამის შემდეგ კი თანამშრომლობას კატეგორიულად აღარ გამორიცხავს.

საკუთარი სახელით და საკუთარი ნომრით - გახარიას პარტია კი სტრატეგიას არ ცვლის და საპარლამენტო არჩევნებზე ძალების მოსინჯვას დამოუკიდებლად აპირებს. "ლელოსთან" პარტნიორობაზე კონკრეტულად არ საუბრობენ, თუმცა არც იმას მალავენ, რომ მომავალ პარლამენტში მათი ხილვის სურვილი აქვთ.

ოპოზიციის წინასაარჩევნო სცენარში საკუთარი როლი აქვს საქართველოს პრეზიდენტსაც. სანამ სალომე ზურაბიშვილი წარსულში დაპირისპირებულების შერიგებას და მათ ერთ ალიანსში გაერთიანებას ცდილობს, პოლიტიკურ ველზე აქტიურობს ეკა ბესელია, რომელიც ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი პარტიის წევრი ვერ იქნება, თუმცა მასთან სიამოვნებით ითანამშრომლებს. თანამშრომლობას არ გამორიცხავს არც გახარიას გუნდთან.

სპეციალურ სქემასა და საარჩევნო გეგმებზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარეც.

ახალი კონფიგურაციების მიუხედავად, საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია ბარიერის გადალახვისთვის იბრძვის. მათივე თქმით, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს ისევ "ქართულ ოცნებას" დაუჭერს.

პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე სვლა ყველა პარტიას ჯერ არ გაუკეთებია. არჩევნებამდე 4 თვე რჩება, ოპოზიციას კი სტრატეგიაზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია.
 
ავტორი: იზი ბურნაძე, ზურაბ ნერგაძე.
დღის ამბები