ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურა. "ამერიკული დემოკრატიის მკვლელობის მცდელობა" - ასე შეაფასა მან დღევანდელი ინციდენტი.
"ჩვენ ყველანი შოკირებული ვუყურებდით დონალდ ტრამპის, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის დანაშაულებრივ მკვლელობის მცდელობას. ეს არ არის მხოლოდ საშინელი დანაშაული, ეს ასევე არის ამერიკული დემოკრატიის მკვლელობის მცდელობა. საბედნიეროდ, ტრამპი გამოჯანმრთელდა, როგორც ჩანს, სრულად გამოჯანმრთელდა, მე მინდა ვუსურვო მას ჯანმრთელობა, ჩემი მეუღლის, ისრაელის მინისტრების და მთელი ისრაელის სახელით," - აცხადებს ნეთანიაჰუ.
შეგახსენებთ, რომ პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპს ესროლეს. მამაკაცი, რომელიც ექსპრეზიდენტს და რესპუბლიკელების მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატს თავს დაესხა, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს.
თავდამსხმელმა შეკრებაზე ერთი ადამიანი მოკლა, კიდევ ორი კი მძიმედ არის დაჭრილი. თავად ტრამპს დაზიანება მხოლოდ ყურის არეში აღენიშნება, მის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.
FBI-მ დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობა გაასაჯაროვა.