NDI-მ ოპოზიციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრა წნორში შედგა, მათ შორის მოსახლეობასთან, სადაც საარჩევნო დაპირებები გაჟღერდა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მხრიდან ღიად ხდება ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნოდ დაფინანსება.
"ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე ნათლად ჩანს, როგორ არის ჩართული NDI და IRI წინასაარჩევნო კამპანიაში. უკვე უფინანსებს რადიკალებს მოსახლეობასთან შეხვედრას, რომ დეზინფორმაცია გაავრცელონ.
შემდეგ ეს ორგანიზაციები დამკვირვებლის სტატუსით იქნებიან წინასაარჩევნო გარემოს შემუშავებაში და შემდეგ დასკვნები უნდა დადონ.
როდესაც მხარე ხარ, რადიკალების, "ნაცების, უსამშობლოების გაერთიანებას აფინანსებთ წინასაარჩევნოდ, შემდეგ შენი დასკვნა რანაირად იქნება ობიექტური.
მიუღებელია ბატონებო, ეს არაფერში არ წერია. თქვენ გაქვთ მანდატი, რომ დააკვირდეთ, პოლიტიკურ საქმიანობაში არ იყოთ ჩართული და ყველაფერს აკეთებთ, რომ ჩვენი კონსტიტუცია დაარღვიოთ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის გაცხადებით, შემოვლითი გზებით ხდება ქართული კანონმდებლობის დარღვევა და სწორედ ამისთვის იყო საჭირო ქვეყანაში "გამჭვირვალობის შესახებ" კანონმდებლობის შემოტანა.
"ასეთი შემოვლითი გზებით ახდენენ პარტიული საქმიანობის დაფინანსებას. აქმნევინებენ ყალბ NGO-ებს, ზოგჯერ ჭკუაც არ ყოფნით და იმავე წოდებით, რაც პარტია აქვს, ზოგჯერ ჭკუა ყოფნით და შემოვლითი გზებით აკეთებენ, მაგრამ ჩვენთვის ეს ყველაფერი ცნობილია. რაიმე სიახლე არ მომხდარა. ასე ახდენენ ქართული კანონმდებლობის შემოვლითი გზებით დარღვევას, ამიტომ გვინდოდა "გამჭვირვალობის შესახებ" კანონი. ყველასთვის ნათელი გახდება შემოვლითი გზებით, ქართული კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.