"დემოკრატიის მრავალფეროვნების" მიერ გამოქვეყნებულ მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსს ოპოზიცია გამოეხმაურა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების მიმართ დაბალია.
"მართლმსაჯულებას რაც შეეხება, შეგვიძლია გავიდეთ და გამოვკითხოთ მოქალაქეები, მათი ნდობა მართლმსაჯულების მიმართ დაბალია. აზერბაიჯანსა და ყაზახეთს თუ ვუგებთ, არ მგონია, სასახელო იყოს. ჩვენ თუ გვინდა ევროპა, მართლმსაჯულება უნდა იყოს არა აზერბაიჯანული და ყაზახური სტანდარტის, არამედ ევროპული სტანდარტის," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, მართლმსაჯულება რიცხვებით არ იზომება და ინდექსებს მხოლოდ პროპაგანდისთვის იყენებენ.
"ეს ინდექსები მხოლოდ იმისთვისაა, რომ პროპაგანდისთვის გამოიყენონ. თუ კარგი მდგომარეობაა - ხელისუფლების სასარგებლოდ, თუ რამე უარესდება - ოპოზიციის სასარგებლოდ. არანაირი შინაარსობრივი დატვირთვა მაგას არ აქვს და ცხადია, რომ სასამართლოს არ აფასებენ ინდექსებით, სამართლიანობის საკითხი არ არის რიცხვებით გაზომვადი ამბავი. ყველაზე კარგი მაგალითი სასამართლოს შეფასებისთვის არის ის, აგვარებს თუ არა კონფლიქტებს საზოგადოებაში," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სამართლიან მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა. ის 11 წლიანი პროგრესით ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილს იკავებს. საერთაშორისო ორგანიზაცია "დემოკრატიის მრავალფეროვნების" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, შეფასების 100%-ანი სისტემით, საქართველომ 81,6%-ი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით, საქართველო მსოფლიოში მეექვსე, ევრაზიის კონტინენტზე კი - პირველ ადგილზეა. ჩვენი ქვეყანა 2012 წელს მართლმსაჯულებაზე წვდომის სიმცირით ევროპის ყველაზე საშიში ქვეყნების სამეულში იყო რუსეთთან და ბელარუსთან ერთად, თუმცა 2023 წლის შედეგებით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ და NATO-ს და ევროკავშირის წევრებს: რუმინეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, ბოსნია ჰერცეგოვინას, მოლდოვას და უკრაინას.