საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ირაკლი ზარქუა "დემოკრატიის მრავალფეროვნების" მიერ გამოქვეყნებულ მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს არის ფაქტი, რომ ქვეყნის დემოკრატიულობა ვითარდება.
"ვინც მორალს გვიკითხავს და ნიშნისმოგებით გველაპარაკება - დემოკრატია და ადამიანის უფლებებიო, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასების შედეგად, რომლებიც აპოლიტიკურები არიან და ობიექტურად იკვლევენ ამა თუ იმ ქვეყნის მდგომარეობას - დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა თუ მართლმსაჯულების კუთხით, საქართველო არის ევრაზიის კონტინენტზე პირველ ადგილას. ვისაც უნდა რეალურად ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობაში დანახვა, აგერაა ფაქტი. ესეც ხომ "ქართული ოცნების" მოგონილი არაა? ესეც ქართული სოციალური კვლევების შედეგი ხომ არაა?" - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია "დემოკრატიის მრავალფეროვნების" მიერ გამოქვეყნებული მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსის მიხედვით საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-ანი სისტემით 81,6%-ი მიიღო.