NDI-მ ოპოზიციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრა წნორში შედგა, მათ შორის მოსახლეობასთან, სადაც საარჩევნო დაპირებები გაჟღერდა.
NDI-თან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პარტია "ლელო" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ჯერ წინასაარჩევნო კამპანია არ დაწყებულია, ხოლო "ქართულ ოცნებას" თუ არ აქვს საშუალება, რომ მოსახლეობას შეხვდეს, შეუძლია, NDI-ის მიმართონ დასახმარებლად და ისინი აუცილებლად დაეხმარებიან მათ პროცესის ორგანიზებაში.
"ჯერ წინასაარჩევნო კამპანია არ დაწყებულა. დეპუტატების ვალდებულებაა, რომ მოქალაქეებს შეხვდნენ. სივრცეები აქვს USAID-ს, NDI-ის , სხვადასხვა ორგანიზაციებს და ხდება ამ სივრცეების გამოყენება. თუ "ქართულ ოცნებას" არ აქვს მოქალაქეებთან შეხვედრების ფული, ვთხოვთ NDI-ის და "ქართულ ოცნებასაც" დავუფინანსებთ ამ შეხვედრებს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
"გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, NDI-მ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე კვლევის პრეზენტაცია გამართა, რასაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მისივე თქმით, ეს იყო საარჩევნო კამპანიის ნაწილი, რაც პარტიებისთვის კარგი შესაძლებლობაა.
"ეს იყო NDI-ის კვლევის პრეზენტაცია ადგილობრივები მოსახლეობის საჭიროებებზე. რაღაცნაირად გამიკვირდა, რომ ამდენი პოლიტიკური პარტია იყო იქ მოსული, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მოსახლეობას, რამდენიმე ათეული ადამიანი იყო, ვუყვებოდით პრობლემებზე რას ვუპასუხებდით, ჩვენ რომ წარმატებას მივაღწიოთ. ცხადია, ეს იყო ჩემთვის საარჩევნო კამპანიისთვის მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე ბევრი ადამიანი ესწრებოდა. პირიქით, კარგი ამბავია, როცა ასეთ კვლევებს ატარებენ პარტიებისთვის უფასოდ და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ამაზე ვუპასუხოთ", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.