ამნისტია თითქმის 10 000 პატიმრისთვის, რომელთაგან 7 000 პრობაციონერია. კანონის მიღებისთანავე სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდადებულები, სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ან შეუმცირდებათ.
შემოთავაზებული პროექტი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის ბალანსზეა დაფუძნებული. რატი იონათამიშვილმა განმარტა, რომ ამნისტია ზღუდავს რეციდივის რისკებს, ითვალისწინებს დაზარალებულების ინტერესებს, შეესაბამება საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს და თანხვედრაშია სისხლის სამართლის პოლიტიკასთან.
ამნისტია 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებს შეეხება. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლზე. სასჯელის 1/6-ით შემცირება კი, დამატებით 225 მუხლს დაფარავს. პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება, სასჯელის 1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით შემცირება.
პრობაციონერთა პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება - "ქართული ოცნების" კანონპროექტი ამნისტიის ამ ფორმებს ითვალისწინებს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მმართველ გუნდს ამნისტიის კანონპროექტით წინასაარჩევნოდ, საკუთარი მიზნები აქვს.
სხვაგვარად ფიქრობენ "გირჩში" და კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას გეგმავენ ჰუმანური აქტი და ამომრჩევლისთვის მიცემული პირობის შესრულება - მმართველი გუნდი ამნისტიის პროექტის მიღების საჭიროებაზე აკეთებს აქცენტს. პროექტის ინიციატორების განმარტებით, ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათები, საპატიმროში მყოფი პირების სრული შემადგენლობის 1/3-ს შეეხება. პირველი მოსმენით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, მომდევნო კვირაში, რიგგარეშე სესიაზე მიიღებენ.