"ჩვენ ვართ ამ ევროინტეგრაციასა და ნატოში გაწევრიანების თემის პოლიტიკური მძევლები" - ვატო შაქარიშვილი ამ განცხადებით ევროკავშირისა და აშშ-ის იმ გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ერთობლივი სამხედრო სწავლება გაურკვეველი ვადით გადაიდო და თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს დახმარება შეჩერდა. საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" დამფუძნებელი, "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ ევროპისა და ამერიკის მიზანი საქართველოში ევროინტეგრაციის თემით, ხალხის მღელვარების გამოწვევა და რევოლუციური პროცესების განვითარებაა.
მოძრაობის კიდევ ერთი დამფუძნებელი გამოსავალს ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსში ხედავს. ლევან ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ნეიტრალური პოზიცია და ნამდვილ სტრატეგიული მეგობრებთან თანამშრომლობა ამ პოლიტიკურ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.
საზოგადოებრივი მოძრაობის პოზიციას გამოხმაურებები პარლამენტშიც მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიზანი, ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების შექმნაა. სახელისუფლებო პარტიაში კი აცხადებენ, რომ მათთვის გასაგებია, რა მიზეზების გამო სურს ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას ქვეყნის ნეიტრალიტეტი. თუმცა, მმართველ გუნდში იმასაც აკონკრეტებენ, რომ ხელისუფლება თავისი პრინციპის ერთგული რჩება და ქვეყანამ ევროატლანტიკური გზით სვლა უნდა განაგრძოს.
საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ოფიციალურად გუშინ დაფუძნდა. ითქვა, რომ სურთ ქართულ საზოგადოებას სწორი და ნეიტრალური ინფორმაცია მიაწოდონ ყველა პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით.