46 მილიონი წელიწადში, რომლის ძირითადი ნაწილიც სესხია - ასე გამოიყურება ციფრებში გერმანიის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც 1992 წლიდან დღემდე, მილიარდ-ნახევარ ევროს შეადგენს. საელჩოს ინფორმაციით, გაწეული დახმარება უმეტესად სესხის სახით და კაპიტალის ბაზრისთვის გამოყოფილ სახსრებში აისახა. ოფიციალური ბერლინი, თბილისთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს აღარ აიღებს. უმრავლესობის შეფასებით, გერმანიის ეს გადაწყვეტილება მატერიალურზე მეტად პოლიტიკურ ზიანს მოიტანს, რაც შესაძლოა ქვეყნებს შორის ურთიერთობაზეც აისახოს.
ოპოზიცია პარტნიორების გადაწყვეტილების გამო, პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. ამბობენ, რომ თუნდაც სესხის სახით გამოყოფილი ფინანსური დახმარების გაყინვა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია.
საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ განცხადება გერმანიის ელჩმა გუშინ გააკეთა. პიტერ ფიშერის თქმით, გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა ”ღირსეული პარტნიორის” წვრთნებში მონაწილეობაც გააუქმა. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს მედიის კითხვებს თავდაცვის მინისტრმაც უპასუხა.
სწორედ თავდაცვის სამინისტროა ის უწყება, რომლის დაფინანსებაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელს ყველაზე მეტად, 100 მილიონი ლარით გაიზრდება. როგორ გადანაწილდება 519 მილიონით გაზრდილი ბიუჯეტი - ამაზე დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა.
გერმანიის შემდეგ დახმარებას აჩერებს საფრანგეთიც, დღეს ამის შესახებ საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ელჩმა განაცხადა. მისი თქმით, ეს თანხა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაძლიერებას მოხმარდება.