როდის დასრულდება აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანის შვილის გრანდიოზული საქორწინო დღესასწაული?! ინდოეთში ახლა ეს ყველაზე აქტუალური კითხვაა.
ვარაუდობენ, რომ ზეიმი ამ შაბათ-კვირას დასრულდება, როდესაც ანანტ ამბანი, Reliance Industries-ის თავმჯდომარის მუკეშ ამბანის უმცროსი ვაჟი, რადიკა მერჩანტიზე დაქორწინდება, რომელიც ინდოეთის ფარმაცევტული მაგნატების ოჯახიდან არის.
ქორწილის კულმინაციურ ზეიმამდე, ამბანების ოჯახში 4 თვიანი წინასაქორწინო დღესასწაულები იმართებოდა, სადაც მიწვეულები მსოფლიო დონის ვარსკვლავები იყვნენ.
მარტში გამართულ წინასაქორწინო წვეულებაზე, კონცერტი მომღერალმა რიანამ გამართა, რომელსაც 7 მილიონი დოლარი გადაუხადეს.
რამდენიმე დღის წინ გამართულ წვეულებაზე კი, ამერიკელმა მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა იმღერა, მას ამისთვის 10 მილიონი დოლარი გადაუხადეს. ბიბერმა, წვეულების ფოტოები სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.
წვეულებების გრანდიოზულობა ინდოეთში, საზოგადოებრივი აზრის გაყოფას და ხშირ შემთხვევაში მწვავე კრიტიკას იწვევს, რადგან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ათასობით მოქალაქის პრობლემა, გრანდიოზული და მდიდრული წვეულებების ფონზე, დღის წესრიგში უფრო მწვავედ დგას.