"ხალხის ძალის" განცხადებას ახალ ოპოზიციურ გაერთიანებაზე, ოპოზიციაში ადრესატების მხრიდან შეფასებები უკვე მოჰყვა. პოლიტიკური ჯგუფი აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი აგენტების პატრონებმა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კონფიგურაციების გატესტვის მიზნით, ბაზარზე ახალი პლატფორმის შექმნა გადაწყვიტეს, რომელშიც, სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით, ეკა ბესელია, თამარ ჩუგოშვილი და შოთა შალელაშვილი გაერთიანდებიან. ხალხის ძალის" განცხადებით, მზადდება პოლიტიკური პლატფორმა გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გასაერთიანებლად.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შეფასებები გააკეთეს გიორგი გახარიას პარტიაში. ანა ბუჩუკური ინფორმაციას ტყუილს უწოდებს. გაერთიანებაზე ოპოზიციაში არ საუბრობენ.
"ეს არის მორიგი ტყუილი, მორიგი "ფეიქი" "ძალძის ხალის" მორიგი ფანტაზიის ნაყოფი. კონცენტრირებულად არიან წარმოდგენილი მატყუარა, არაადეკვატური ხალხი. ეს ბევრჯერ გვინახავს ვიმეორებ, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი," - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.
"ხალხის ძალის" ინფორმაციაზე შეფასება არ სურთ "ლელოში."
"ხალხის ძალის" აზრები ნაკლებად მაინტერესებს. მათ აზრებზე კომენტარებს არ გავაკეთებ," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება ეკა ბესელიას, მისი განცხადებით, რაიმე გაერთიანებაზე საუბარი ჯერ არ არის.
"საარჩევნო რეგისტრაცია უკვე გაიარა პარტიამ "სამართლიანობისთვის." არავისთან ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რა ფორმით და ვისთან იქნება თანამშრომლობა. ქარტია არის ჩემთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის ირგვლივ მინდა დავინახო კონსენსუსი. მაქვს ჩემი წითელი ხაზები, რომელიც არასდროს არ შემიცვლია. რაიმე გაერთიანებაზე საუბარი ჯერ არ არის," - აღნიშნა ეკა ბესელიამ.