ევროპის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყანა - ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ლიდერობს, "ქართულ ოცნებაში" აფასებენ.
ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარების და პოლიტიკოსების განცხადებებს იხსენებს, რომლებიც საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდნენ.
"ევროპულმა სასამართლომ ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობა გამოაქვეყნა. ჰოი საოცრებავ, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი არის პირველ ადგილზე. 2023 წელს, 12 და 28%-ით გაუზრდიათ ვაჭრობა რუსეთთან. შეგახსენებთ, მათი ლიდერები და წარმომადგენლები ჩვენ გვიკიჟინებდნენ, რომ სანქცია დაუწესეთ რუსეთსო. პატარა ეკონომიკა გვაქვს, ეს რომ გაგვეკეთებინა საერთოდ ჩამოვიშლებოდით, ერთ ლარს ვერ დავარიგებდით და რუსეთს ვერაფერს დავუშავებდით. ამაზე გვიკიჟინებდნენ, რომ გინდა თუ არა, სანქცია დაუწესეთო. ახლა როგორ ხდება, მისტერ კუბილიუს, რა ხდება? ეს როგორ ხდება აბა? თქვენი ქვეყანა, ლიეტუვა, პირველ ადგილზე გავიდა რუსეთთან ვაჭრობით. მე ველოდები ევროპარლამენტის იმ რეზოლუციაში, რომ დაგმობთ თქვენი მთავრობის ამ ქმედებას, თუ გიკარნახოთ? სამარცხვინოა, ორმაგ სტანდარტს არ გაგიტარებთ," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.