ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარტნიორებთან პოლიტიკურ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ეს კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იყო:
"ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ბევრ საკითხზე გვესაუბრა, მათ შორის პრობლემურ საკითხებზეც. კარგი შესაძლებლობა იყო, ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა არგუმენტები, გაგვეცნო ჩვენი მოსაზრებები. პარტნიორებთან პოლიტიკურ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ეს კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იყო.
ჩვენი სურვილი და მიზანი არის და დარჩება, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობების დინამიკა იყოს პოზიტიური, ეს სჭირდება საქართველოს, ეს სჭირდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა და თანამშრომლობა," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.