ნიკა მელია, ჯაფარიძე-ხოშტარიასთან გაერთიანების მეორე დღესვე, ოპოზიციონერმა კოლეგებმა თავის მართლების რეჟიმში ჩააყენეს.
საუბარია "ევროპულ საქართველოზე", რომელიც "ახალთან" გაერთიანებას თავადაც განიხილავდა. თამარ ჩერგოლეიშვილისთვის გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე პარტიაში კეზერაშვილის არაფორმალურ გავლენებს მაშინ, როდესაც დღეს, იგივე კეზერაშვილის პარტნიორებთან გაერთიანება მისთვის პრობლემა არ არის.
ბოკერიას პარტიაში ფიქრობენ, რომ "დროასა" და "გირჩი მეტი თავისუფლებასთან" ალიანსმა დაადასტურა, რომ სააკაშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკური ძალა რეალურად არჩევნებში ორი საარჩევნო სუბიექტით გადის. ახალი გაერთიანების ჩრდილოვან მმართველობაზე ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. საჯარო სივრცეშივე უპასუხა მას მელიამ, რომელმაც "ევროპული საქართველოს" ლიდერი სპეკულაციებში დაადანაშაულა.
დადო თუ არა კეზერაშვილმა საარჩევნოდ ფსონი 4 ნომერზეც? - ეს კითხვა გვარამიას მისამართით მაშინვე გაჩნდა, როდესაც ხოშტარია-ჯაფარიძესთან გაერთიანების განაცხადი გააკეთა.
თავად ზურა ჯაფარიძემ დღეს არ დააკონკრეტა, ისევ ფინანსდება თუ არა დავით კეზერაშვილისგან. თუმცა, მის ნაცვლად, მელიას პარტიის წევრი ამტკიცებს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ჯაფარიძის პარტნიორობა წარსულს ჩაბარდა.
ნიკა მელიას და მისი ახალი პარტნიორების პოზიცია სხვა პარტიებისთვის დამაჯერებელი არ არის. მათ შორის არც ზურა ჯაფარიძის ყოფილი თანაგუნდელებისთვის. იყო თუ არა კეზერაშვილის ფაქტორი ბარიერი "ლელოსთვისაც", რომელიც 3 პარტიის გაერთიანებას არ შეუერთდა - ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკურ ძალაში მიზეზების დაკონკრეტება არ სურთ.
კეზერაშვილის დაფინანსებულ პარტიებთან გაერთიანება, მელიას უპრინციპობაზე მეტყველებს "ქართული ოცნებისთვის". მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ახალი კონფიგურაცია გარე ინსტრუქციით შეიქმნა. ამბობენ, რომ სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარისთვის კეზერაშვილის არაფორმალური ფინანსების გაზიარება პრობლემას აღარ წარმოადგენს.
"ნაციონალური მოძრაობიდან" კეზერაშვილის მიზეზით წამოსული ნიკა მელია, ახალი პარტიით იმ პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანდა, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრთან პარტნიორობას არასდროს მალავდა.