22 ნოემბერი 2024,   10:17
ვრცლად
ბულინგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა - დავით ჩხობაძე და ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ერთმანეთს ქუჩაში დაუპირისპირდნენ

ბულინგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა - დავით ჩხობაძე და ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ერთმანეთს ქუჩაში დაუპირისპირდნენ. სარჯველაძე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც აქტივისტი მას მიუახლოვდა და რუსი ეძახა. სიტყვიერი დაპირისპირება საბურთალოზე რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო, სოციალურ ქსელში გავრცელდა

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მიხეილ სარჯველაძის მისამართით გაჟღერებული შეურაცხმყოფელი სიტყვები და საქციელი ამორალურია, რაზეც პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობასა და მის აქტივისტებს ეკისრებათ.

ჩხობაძე მომხდარს არ ნანობს და "კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ ბოდიშს მხოლოდ მინისტრის მეუღლეს უხდის.

დავით ჩხობაძე, ორგანიზაცია "ნაბიჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ აქციებს აორგანიზებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხობაძე სხვადასხვა აქტივობისთვის დავით კეზერაშვილის ცოლის ძმისგან გარკვეულ ანაზღაურებასაც იღებდა. სწორედ ჩხობაძე იყო თსუ-სთან საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორიც.

მიხეილ სარჯველაძეზე თავდასხმას არ ემიჯნება ოპოზიცია, სადაც ამბობენ, რომ შეურაცხყოფის კამპანია მმართველი პარტიის მიერ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებას მოჰყვა.

ჯანდაცვის მინისტრზე თავდასხმას გმობს სახელისუფლებო გუნდი და დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც ანალოგიურ მოქმედებას ელოდება. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ ზეწოლა, ზიზღი და შევიწროება - ევროპა არაა, ევროპელი პარტნიორების დუმილი კი მათივე დაფინანსებული ენჯეოების, ზიზღის კამპანიას ახალისებს. დასავლელი პარტნიორების მხრიდან განმარტებებს ელოდება უმრავლესობაც, სადაც დარწმუნებული არიან, რომ შეურაცხყოფის კამპანია წინასწარ ორგანიზებული და კარგად კოორდინირებულია.

ჯანდაცვის მინისტრი ორგანიზებული თავდასხმის ერთადერთი სამიზნე არ არის. ბოლო თვეების განმავლობაში, შეურაცხყოფის, ბულინგისა და მუქარის ობიექტები დეპუტატებიც გახდნენ, მათ შორის ირაკლი ზარქუა, ელისო ბოლქვაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ვიქტორ სანიკიძე და ნინო წილოსანი.

დღის ამბები