22 ნოემბერი 2024,   10:56
ვრცლად
თეონა აქუბარდია ირწმუნება, რომ დანიამ ქართულ ჯარს 27 მილიონიანი ევროს დახმარება გაუყინა - როგორ აღმოჩნდა ინფორმაცია ოპოზიციონერის ხელში და რას ამბობენ მმართველ გუნდში

პოლიტიკურ დონეზე ღირებულებითი განსხვავების გამო, დანია ქართულ ჯარს 27-მილიონიან დახმარებას უჩერებს. საუბარია 4 წელიწადზე გაწერილ დახმარებაზე, რომელიც სამომავლოდ თავდაცვის ძალებს უნდა მიეღო. ინფორმაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნის გადაწყვეტილების შესახებ დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ გაასაჯაროვა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მიზეზი გამჭვირვალობის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონია, თუმცა ვერ ხსნის, რა ლოგიკით სჯიან პარტნიორები ოკუპირებული ქვეყნის ჯარს, მათთვის არასასურველი საკანონმდებლო ცვლილების გამო.

რატომ იცის დეპუტატმა აქუბარდიამ ის, რაც ამ დრომდე ოფიციალური თბილისისთვის არავის უცნობებია - ეს საკითხი მმართველი გუნდის წევრებისთვის კითხვის ნიშნებს აჩენს. სახელისუფლებო პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ქმედების უკან გარკვეული ძალების ინტერესები დგას. პოლიტიკოსები ამბობენ იმასაც, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე შეტევა არაპარტნიორული ქმედებაა.

ბრიუსელის შემდეგ, კოპენჰაგენის გადაწყვეტილება ოპოზიციაში არ გაჰკვირვებიათ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საერთაშორისო ზეწოლა არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებისთვის აუცილებელი წინაპირობაა და ამის გამო თავდაცვის დაფინანსების შეწყვეტაც გამართლებულია.

დანიური მხარის გადაწყვეტილებას არამეგობრულს, ოპონენტების რეაქციას კი ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლებმა დღეს მეგობარი ქვეყნის ელჩის ანნე სორენსენის განცხადებაც გაიხსენეს. დიპლომატმა, რამდენიმე თვის წინ, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი დანიურ გამოცემასთან ოლიგარქად მოიხსენია, რის გამოც საგარეო უწყებაში განმარტებების გაკეთება მოუწია. მიზერული დახმარების შეჩერების უკან, უმრავლესობა შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩარევის სურვილს და მცდელობას ხედავს.

კონკრეტულად, როდის გაასაჯაროებს ოფიციალურად დანიის სამეფო ეროვნული გვარდიის გასაძლიერებლად გამოყოფილი ტრანშის გაყინვის საკითხს უცნობია. კოპენჰაგენის გადაწყვეტილებამდე, პარტნიორი და ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის დაფინანსებას 30 მილიონი ევრო ევროკავშირმა უკვე მოაკლო.

დღის ამბები