”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი", პარტნიორების მხრიდან ისევ კრიტიკის მთავარ მიზეზად რჩება. ოფიციალური ვაშინგტონი ამბობს, რომ მათი პოზიცია უცვლელია და დემოკრატიულ უკუსვლას შესაბამისი შედეგები მოჰყვება. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გაკეთა.
საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვაზე მედიასთან ისაუბრა დღეს გერმანიის ელჩმა. პეტერ ფიშერის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების პარალელურად მისი ქვეყანა საქართველოსთან მიმართებაში ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებისგანაც იკავებს თავს.
წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევას უწოდებენ მმართველ პარტიაში კრიტიკას, რომელიც ევროპიდან თუ ამერიკიდან ისმის. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ პარტნიორების განცხადებების მიზანი არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენაა და მათი პოზიციების მიღმა შანტაჟის მცდელობასაც ხედავენ.
ოპონენტები თვლიან, რომ ვაშინგტონის და ბერლინის პოზიციები სიგნალია, რომელიც ადრესატებმა უნდა გაიზიარონ. მათი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესმა შესაძლოა ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია გამოიწვიოს.
პარტნიორების განცხადებებს არამეგობრულ ნაბიჯად აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მმართველი გუნდი გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო, კრიტიკას უსამართლოს უწოდებს.
მმართველი გუნდი პარტნიორებისგან სიტუაციის ობიექტურ აღქმას ითხოვს. ამბობენ, რომ გამჭვირვალობა დემოკრატიას საფრთხეს ვერ შეუქმნის და მაგალითად მოჰყავთ ამერიკა, სადაც მსგავსი კანონი 30-იანი წლებიდან მუშაობას, ევროპის არაერთ სახელმწიფოში მოქმედებს და მისი მიღება სულ ბოლოს საფრანგეთსა და კანადაში მოხდა.