22 ნოემბერი 2024,   10:15
ვრცლად
გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატები აცხადებენ, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის გაუქმება მიზანშეწონილი არ იქნება

ბუნდესტაგის წევრებმა, რომლებიც საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრებიან, საქართველოს დახმარების გადახედვის საკითხზე ისაუბრეს.

თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანელი პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავისუფალი დემოკრატების ფრაქციის სპიკერია, აცხადებს, რომ საქართველოსთვის შეთავაზებული გზა ევროკავშირისკენ ჯერ კიდევ ღიაა და ქვეყანას შეუძლია გაჰყვეს მას.

"ახლა ჩვენ აქ ერთად ვმუშაობთ, რათა შევთავაზოთ საქართველოს, ის გზა, რომელიც მიდის ევროკავშირისაკენ, ის ჯერ კიდევ ღიაა და ერთად თანამშრომლობით შეგვიძლია, გავუყვეთ ამ გზას ისევ. ეს არის ზუსტად ევროპული მიდგომა, ევროპული გზა. შეიძლება, გვქონდეს განსხვავებები, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესოა ხალხისთვის. მეორე მხრივ, თუ საქართველოს მთავრობა აირჩევს ამ გზას, ჩვენ მოგიწევს რეაგირება და მოგვიწევს გადახედვა იმ დახმარებისა, რომელსაც ვუწევთ საქართველოს. როგორც პარლამენტის წარმომადგენლებს, ჩვენ გვჯერა დემოკრატიის და ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში ჩატარდება თავისუფალი ღია და სამართლიანი არჩევნები, ხალხს ექნება საშუალება, დააფიქსიროს თავისი ნება და გააკეთოს თავისი არჩევანი," - აღნიშნა, ბუნდესტაგის დეპუტატმა, "თავისუფალი დემოკრატების" ფრაქციის სპიკერმა ევროპული პოლიტიკის საკითხებზე თომას ჰაკერმა.

განცხადება გააკეთა გერმანიის მთავრობის კოორდინატორმაც სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგნერმა, რომელმაც თქვა, რომ თუ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ძალაში დარჩება, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება.

"პირადად ვიყავი მხარდამჭერი იმისა, რომ სტატუსი მიეღო ქვეყანას. ეს სტატუსი მიანიჭეს საქართველოს იმის გათვალისწინებით, რომ გატარებულიყო რეფორმები, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში დავინახეთ რეგრესი. თუ ეს კანონი ძალაში იქნება, საქართველოსთვის დაიხურება ევროკავშირის კარი. ასევე, პრობლემურია ლგბტ კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფასეულობებს. ასევე, რიტორიკა, წარმოუდგენელი შეთქმულების თეორიები, ეს რიტორიკა თან მიმართულია არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც," - განაცხადა რობინ ვაგენერმა.

პრესკონფერენციაზე ასევე ითქვა, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ან ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება მიზანშეწონილი არ არის.

"მე ვემხრობი იმ იდეას, რომ მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმს არ უნდა შევეხოთ. ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა 2016 წელს და ამისათვის ძალიან დიდი ბრძოლა გავიარეთ. ეს იყო უდიდესი სიგნალი, რომ თქვენ ჩვენთან ხართ, ჩვენს სივრცეს ეკუთვნით. მე ვშიშობ, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმით ჩვენ იმ ხალხია წისქვილზე დავასხამდით წყალს, ვინც არ არის დაინტერესებული საქართველო ევროპის ნაწილი გახდეს," - აღნიშნა ბუნდესტაგის დეპუტატმა, საგარეო კომიტეტის წევრმა, კნუტ აბრაჰამმა.

დღის ამბები