მსგავსი ტიპის ფინანსური დახმარებები ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკრო გადაწყვეტილებები, რადგან ის გამოწვევები უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის ოკუპაცია, არსად წასულა, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებას თავდაცვის ძალებისთის 30-მილიონიანი გრანტის გაყინვის თაობაზე.
მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები საბოლოო ჯამში ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს სწრაფვას ვერ შეაფერხებს.
"საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, რათა საფრთხეებთან გამკლავება უფრო მეტად შევძლოთ. შესაბამისად ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები კვლავ დაუბრუნდება ძველ ნიშნულს. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას და ვფიქრობ, რომ ზოგადადაც საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე. ჩვენ ყველას გვაქვს აღებული ჩვენი ვალდებულებები და თანმიმდევრულად ვასრულებთ ამ ვალდებულებებს და მე არ მივცემდი ისეთ ძალიან მკაცრ შეფასებას, რომელიც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა. ვფიქრობ, რომ ეს არის მიკროდონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ვერ შეაფერხებს საქართველოს სწრაფვას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის ძალები ევროკავშირმა გამოყოფილი გრანტის გარეშე დატოვა. საუბარია 30 მილიონ ევროზე, რომელიც ახლა სამოქალაქო სექტორსა და მედიას მოხმარდება.