მზადება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის - ოპოზიცია 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის გზებს ეძებს, ძიებაში კი ეს გზა ისევ ერთიანობის იდეამდე მივიდა. გადაწყდა, რომ პატარა პარტიების უმრავლესობა საკუთარ შანსებს ერთმანეთით დააზღვევს, თუმცა ამჯერად ვინ ვის დაუკავშირებს პოლიტიკურ მომავალს - ეს რამდენიმე დღეში უნდა გახდეს ცნობილი.
არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, პარტია "ლელო" ადასტურებს, რომ "გირჩი მეტი თავისუფლებასთან", "დროასთან" და პარტია "ახალთან" მოლაპარაკებები დაწყებულია. მათი ერთობა გადაწყვეტილია, თუმცა როგორ იქცევა ოთხი პარტია ერთად - დეტალები რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება.
გვარამია-მელიას გუნდისთვის გამარჯვებისკენ მიმავალი უმოკლესი გზა საერთო ინტერესების მქონე პარტიებთან გაერთიანებაა. ასეთ პარტიებად კი როგორც თავად ამბობენ, ხაზარაძე-ჯაფარიძის "ლელოს", ელენე ხოშტარიას "დროასა" და ზურა ჯაფარიძის "გირჩს" მოიაზრებენ, პოლიტიკური მომავლის დაკავშირებას კი "ნაციონალურ მოძრაობასთან", ამ ეტაპზე, გამორიცხავენ.
"ნაციონალური მოძრაობა" წითელი ხაზია გახარიას პარტიისთვის. ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ გაერთიანება ამ ეტაპზე არც სხვა ოპოზიციურ ძალებთან იგეგმება, თუმცა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან საუბარს ადასტურებს. მოახლოებულ არჩევნებში ბრძოლა დამოუკიდებლად აქვს გადაწყვეტილი პარტია "გირჩსაც".
გაერთიანების იდეის მომხრე იყო და არის "ნაციონალურმა მოძრაობა", თუმცა მასთან კოალიციაში ამ ეტაპზე, მხოლოდ "სტრატეგია აღმაშენებელია".
მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური პარტიების სტრატეგია პოლიტიკურ რეალობას ვერ შეცვლის. "ქართულ ოცნებაში" ოპონენტებს წარსულს ახსენებენ და ამბობენ, რომ ახალი გაერთიანება ახალ პოლიტიკურ ძალას არ ნიშნავს.
როგორ შეიცვლება არჩევნებამდე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური კონფიგურაცია და ვინ დაუკავშირებს ერთმანეთს პოლიტიკურ მომავალს - დეტალები ცნობილი მომავალ კვირას გახდება.
ავტორი: ნანა გოგატაძე