22 ნოემბერი 2024,   09:59
ვრცლად
გიორგი ამილახვარი და თორნიკე რიჟვაძე კოლეჯ "ბლექსის" ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქალაქ ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში კოლეჯ "ბლექსის" ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობას ახორციელებს.

მშენებლობის პროცესს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, გაეცნო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კოლეჯ „ბლექსის“ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის კუთხით. მისი თქმით, კოლეჯი განახლებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურით უფრო მრავალფეროვან პროგრამებსა და სერვისებს შესთავაზებს მსურველებს, მათ შორის, კოლეჯში დაგეგმილია დაახლოებით 30 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება მომსახურებების, ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებებით.

სამშენებლო სამუშაოები ასევე დაათვალიერეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა და ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში აშენდება ევროპული სტანდარტების შესაბამისი, სამსართულიანი შენობა, სადაც განთავსდება თეორიული და პრაქტიკული აუდიტორიები, ფაბლაბი, სტუდენტური სივრცე, შეხვედრების ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, არქივი, კაფეტერია, სამედიცინო კაბინეტი და სპორტული დარბაზი. ამასთან, პროექტი 50 სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებლის მშენებლობასაც ითვალისწინებს.

17 179 515 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

ახალი კამპუსის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

დღის ამბები