22 ნოემბერი 2024,   10:12
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაიწყო - ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ყველაზე მეტი მხარდაჭერა ლეიბორისტებს აქვთ

ბრიტანელები, დღეს, ახალ პარლამენტს აირჩევენ. 14 წლის შემდეგ პირველად, გამოკითხვებით გამარჯვებას ლეიბორისტულ პარტიას უწინასწარმეტყველებენ. მათი წარმატების შემთხვევაში, ეს იქნება ლეიბორისტული პარტიის პირველი მოგება ეროვნულ არჩევნებში, 2005 წელს, ტონი ბლერის გამარჯვების შემდეგ. პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი მიზანი, ცვლილება და "კონსერვატიული ქაოსის" დასრულებაა.

ბრძოლა პოლიტიკური გადარჩენისა და ლეგიტიმურობის განმტკიცებისთვის - რიში სუნაკი გამოკითხვების მიუხედავად ოპტიმიზმს ინარჩუნებს და ამომრჩევლებს მობილიზებისკენ მოუწოდებს. იმის გამო, რომ შესაძლოა კონსერვატორებმა ხმათა ორი მესამედი დაკარგონ, კონსერვატორული პარტიის მხარდაჭერას სთხოვს მოსახლეობას, ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონიც. მოქმედი პრემიერი, რიში სუნაკი ამომრჩევლებს თვითდასაქმებულებისთვის გადასახადების შემცირებასა და ახალგაზრდებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენას ჰპირდება. მისი მიზანია არალეგალური მიგრაციის გაკონტროლებაც.
 
საპარლამენტო არჩევნებში მანდატებისთვის პატარა პარტიებიც იბრძვიან, მათ შორის, ცენტრისტული ლიბერალ-დემოკრატები, ედ დავეის ხელმძღვანელობით, მწვანეთა პარტია, რომლის ლიდერებიც არიან კარლა დენიერი და ადრიან რემსი. ასევე, ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი და ბრექსიტის არქიტექტორი ნაიჯელ ფერაჯი.

თემთა პალატის ახალ 650-წევრს, მომდევნო ხუთი წლის ვადით აირჩევენ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7 საათზე გაიხსნა და 22 საათზე დაიხურება. პირველადი შედეგები უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. თუ რომელიმე პარტია მანდატების უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს, პარტიის ლიდერი ქვეყნის პრემიერი გახდება, მეორე ადგილზე გასული პარტია კი ოპოზიციური ძალა. იმ შემთხვევაში, თუკი ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს უმრავლესობის ფორმირებისთვის საკმარისი ხმების მოგროვებას, ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტია, კოალიციის ჩამოსაყალიბებლად მოლაპარაკებებს დაიწყებს.

დიდი ბრიტანეთის გარდა, საპარლამენტო არჩევნებია საფრანგეთშიც. საფრანგეთის არჩევნების პირველ რაუნდში ლე პენის პარტია ლიდერობს, მეორე რაუნდი კი კვირას, 7 ივლისს ჩატარდება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, უსაფრთხოების ზომები იქნება გამკაცრებული, წესრიგს 30 ათასამდე პოლიციელი დაიცავს.

დღის ამბები