22 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
30-მდე ფილმი, 12 მონაწილე ქვეყანა, 1800 შემოსული განაცხადი - მესტია მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მასპინძელი იქნება

"ოსკარზე" ნომინირებული ქართველი რეჟისორის ფილმი ახლა მესტიის საერთაშორისო ფესტივალის ნაწილია. საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიული მხარე მასშტაბური ღონისძიებისთვის ემზადება.

30-მდე ფილმი, 12 მონაწილე ქვეყანა, 1800 შემოსული განაცხადი - ეს მესტიის რიგით მეოთხე საერთაშორისო ფესტივალია. ფილმები ალპინიზმზე, მთიან რეგიონებში დასახლებულების ყოველდღიური ცხოვრებაზე - ღონისძიებაზე მთის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები იქნება ნაჩვენები. წარმოდგენილი იქნება, როგორც მხატვრული, ასევე, დოკუმენტური ფილმებიც.

ფესტივალის პროგრამა წელს განსაკუთრებით დატვირთულია - ღონისძიება ორ სექციად იყოფა, სადაც ნაჩვენები იქნება 20-მოკლემეტრაჟიანი და 6 სრულმეტრაჟიანი ფილმი. ქართველი კინომცოდნეების გარდა, ფესტივალს უცხოელი ჟიურის წევრებიც ეყოლება.ღონისძიებას ტურინში დაარსებული მთის ფილმების ფესტივალის ალიანსის დამკვირვებლებიც ეწვევიან, რაც პროგრამას უფრო მასშტაბურ დატვირთვას მისცემს.

ფესტივალს, რომელიც ტურიზმს, სპორტს და კულტურას აერთიანებს, წელს საპატიო სტუმარიც ეყოლება - საქართველოს ლეგენდარული მთამსვლელი და რეჟისორი, რაინჰოლდ მესნერი ეწვევა. ალპინისტი თემატურ მასტერკლასებსაც გაუძღვება. ღონისძიება კი სწორედ ალპინისტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმით გაიხსნება.

მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 23 ივლისს გაიხსნება და 27 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიება კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.

 

დღის ამბები