22 ნოემბერი 2024,   09:55
ვრცლად
ანომალიური სიცხე, ქარიშხალი და შტორმი - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს ძლიერი სტიქია უტევს

კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მასშტაბურმა ხანძარმა 1416 ჰექტარი ტერიტორია უკვე გაანადგურა. გადამწვარია ტყის მასივები და საცხოვრებელი უბნები. მთავრობამ სტიქიის ზონიდან მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციის ბრძანება გასცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სტიქიაზე კონტროლი დაკარგა.

1400 მეხანძრე სტიქიას მთაგორიან ზედაპირზე, ანომალიური სიცხისა და ძლიერი ქარის პირობებში ებრძვის. სხვადასხვა ხარისხის დამწვრობებით ათეულობით მეხანძრე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კალიფორნიის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება გევინ ნიუსომმა მას შემდეგ მიიღო, რაც სინოპტიკოსების ანგარიში მოისმინა. ამერიკის მეტეოროლოგიური სამსახური კალიფორნიაში ტემპერატურის მატებას პროგნოზირებს. დღის განმავლობაში, შტატში +36 გრადუსი ფიქსირდება.

კალიფორნიის შტატის გუბერნატორი კატასტროფის მდგომარეობის გამოცხადებასთან ერთად, ფედერალური მთავრობისგან ქრობის სამუშაოებში ეროვნული გვარდიის ჩართვას ნებართვას ელოდება.

ხანძარი, თავდაპირველად, ქალაქ ორვილის მახლობლად, ტყეში გაჩნდა, რომელიც კალიფორნიის დედაქალაქ საკრამენტომდე მანქანით ერთი საათის სავალ გზაზეა. გამომწვევ მიზეზებზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. სამართალდამცავები ცეცხლის გაჩენის მიზანმიმართულ ვერსიასაც განიხილავენ, საგამოძიებო ორგანოსთვის ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე კი ფულადი ჯილდოა დაწესებული.

მაშინ, როდესაც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ჩრდილოეთი ნაწილში მილიონობით ადამიანი ანომალიური სიცხის პირობებში ცხოვრობს, კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი ქარიშხალი და შტორმია.

იამაიკაზე სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ძლიერმა შტორმმა ცხრა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კუნძულის სამხრეთ ნაწილიდან მოსახლეობის საგანგებო ევაკუაცია მიმდინარეობს.

იამაიკაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, დანგრეულია ათასობით საცხოვრებელი სახლი. მთელი კუნძულის მასშტაბით, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის 900 თავშესაფარია გახსნილი. ადგილობრივი მთავრობის მონაცემებით, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში სახლების 90% განადგურებულია.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები