6 დაღუპული და 53 დაშავებული - დნეპროპეტროვსკის ოლქში გლოვის დღეა. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სარაკეტო იერიში ქალაქის საცხოვრებელ რაიონზე გუშინ განხორციელდა. 50 დაჭრილიდან 10-მდე ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მოსკოვის სამიზნე გახდა უკრაინის დედაქალაქიც. რუსეთმა კიევის წინააღმდეგ მორიგი საჰაერო თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელა, თუმცა, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი გაანადგურა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დრონები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიიდან გაუშვეს, კიევს კი ისინი ტალღებად, სხვადასხვა მიმართულებით მიუახლოვდნენ. საჰაერო თავდაცვამ იმუშავა ხარკოვშიც, თუმცა, საოკუპაციო ძალების რაკეტებმა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში მიზნამდე მიაღწია. შედეგად, ხარკოვში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაიჭრა.
ვითარება უკიდურესად კრიტიკულია ფრონტის ხაზზე. დონეცკის რეგიონის ქალაქ ჩასოვ-იარის ერთ რაიონთან უკრაინის არმიის ნაწილებს დღეს უკან დაიხევა მოუწია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქში, კანალის მიკრორაიონიდან უკრაინელი სამხედროების გაყვანის მიზეზი რუსეთის არმიის მიერ უკრაინული პოზიციების განადგურება გახდა.
"რუსებო ჩვენ თქვენ ამას არასდროს გაპატიებთ" - ფრონტის ხაზად ქცეულ ქალაქ ჩასოვ-იარში ახლა მხოლოდ ეს წარწერა და რამდენიმე ადგილობრივი დარჩა. ვითარება კრიტიკულია. ქალაქში არ წყდება დაბომბვები, არც ცეცხლი რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის - გადარჩენილები კი თავს სარდაფებს აფარებენ.
ფრონტის ხაზს მიღმა მყოფი უკრაინელები კი ომის დასრულებას ელოდებიან. ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობაზე დღეს კიდევ ერთხელ ალაპარაკდა ვლადიმერ პუტინი, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტი სანაცვლოდ კიევს ულტიმატუმებს უყენებს. პარალელურად, პუტინი ამბობს, რომ მზად არის გაითვალისწინოს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრების ინიციატივები კონფლიქტის დასასრულებლად.
პუტინის დაპირების ისევ არ სჯერა ვოლოდიმირ ზელენსკის. უკრაინის პრეზიდენტს უნდობლობის არაერთი არგუმენტიც აქვს. კიევი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი არ შეიძლება და აუცილებელია გეგმა, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკი არც იმას გამორიცხავს, რომ რუსეთმა დროებითი ზავი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ტექნიკის დასაგროვებლად გამოიყენოს.
უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს დახმარებას სამხედრო ტექნიკითაც სთხოვს. ცნობილია, რომ NATO-ს ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მომავალი წლისთვის უკრაინას 40 მილიარდი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარებას გაუწევენ, თუმცა ომში დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამას ადასტურებს ამერიკული ომის შესწავლის ინსტიტუტის ინფორმაციაც, რომლის თანახმად, დასავლური სამხედრო დახმარების დაგვიანებისა და არასაკმარისი რაოდენობის გამო, უკრაინა რამდენიმე ახალი ბრიგადის აღჭურვას ვერ ახერხებს.