22 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
ვინ დაიკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას - საპროკურორო საბჭოში დღეს 2 კანდიდატს მოუსმინეს

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესშია. სურვილი 11-მა გამოთქვა, მათგან პარლამენტში სამის კანდიდატურა უნდა წარადგინონ, საბოლოოდ კი დეპუტატები, საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, ერთს შეარჩევენ. დღეს გასაუბრება ორ კანდიდატთან მოხდა - ერთი ვიქტორ ახალბედაშვილია, მეორე კი დავით ბარბაქაძე. ორივე მათგანი ადვოკატია, თუმცა ახალბედაშვილს პროკურატურაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

ვიქტორ ახალბედაშვილი, გენერალური პროკურორობის ერთ-ერთი მსურველი, გენერალურ პროკურატურაში 11 საათზე გამოჩნდა. თითქმის სამი საათი საპროკურორო საბჭო სწორედ მისგან არკვევდა, რატომ უნდა დაუჭიროს საპასუხისმგებლო პოზიციაზე მხარი. კითხვები არაერთი იყო, თუმცა, საბჭოს წევრებს ახალბედაშვილისგან განსაკუთრებით ის აინტერესებდათ, თუ რას მიიჩნევს უწყებაში გამოწვევად, მიღწევად და გენერალურ პროკურორად არჩევის შემთხვევაში თავად რას შეცვლის. იქამდე კი, სანამ ვიქტორ ახალბედაშვილი კითხვებს უპასუხებდა, საბჭოს საკუთარი გამოცდილების შესახებ უამბო.

ვიქტორ ახალბედაშვილის შემდეგ საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს კიდევ ერთმა კანდიდატმა, დავით ბარბაქაძემ უპასუხა. კითხვების შინაარსი წინა კანდიდატთან გასაუბრების იდენტური იყო, თუმცა, განსხვავებული საკითხებზე გააკეთეს აქცენტი პარლამენტისა და, ამავდროულად, საპროკურორო საბჭოს წევრებმა.

გენერალური პროკურორობის ორივე კანდიდატი საპროკურორო საბჭოს სრულ ნდობას უცხადებს, თუმცა, ასეთი პოზიცია შერჩევის პროცესის მიმართ არ აქვს ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საპროკურორო საბჭო მხოლოდ ფორმალურ შერჩევას აწარმოებს.

ოპოზიციის კრიტიკა არასერიოზულია სახელისუფლებო გუნდისთვის, სადაც დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს; უწყება კი, მათი თქმით, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია.

დღის ამბები