22 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
დიდი ევროპული თავგადასავლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებული ეროვნული ნაკრები გულშემატკივარმა ესკორტით გააცილა - თანამედროვე გმირებთან სანატრელი შეხვედრა შედგა

დედაქალაქში ნამდვილი დღესასწაული დაიწყო! თანამედროვე გმირებთან სანატრელი შეხვედრა შედგა. ეროვნული ნაკრები უკვე საქართველოშია, ნაკრები, რომელიც, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არა მხოლოდ საკუთარი ერის, არამედ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, ასახელა ქვეყანა და ღირსეული დახვედრაც დაიმსახურა. მთელი ერი მადლიერია - ერთადერთი სიტყვა, რომელიც ქართველ ფეხბურთელებს ასობით ქომაგმა შეაგება, მადლობაა. მადლობა ღირსეული ასპარეზობისთვის, ისტორიისთვის, რომელიც საქართველოში დაიწყეს და კეთილ ზღაპრად აქციეს. ევროპული თავგადასავალი ჯერ არ დასრულებულა, ნაკრების ავტობუსი წარწერით "საქართველო ევროპაზე" აეროპორტის ტერიტორიიდან გულშემატკივრების არმიამ გააცილა.

სამშობლოში დაბრუნებულმა ბიჭებმა ყველა ამაღელვებელი სიტყვა მოისმინეს, გულთან მიიტანეს და გულიც აუჩუყდათ - ნაკრების ავტობუსიდან გავრცელებული ვიდეოთი დაუბრუნეს საპასუხო სიყვარული ყველას, ვინც ღამენათევი, ქართველი ჯვაროსნების ნახვას მოუთმენლად ელოდა.

შეძახილებით, ოვაციებითა და მადლობით გამოაცილეს ფეხბურთელები, გერმანიიდანაც, სასტუმროდან, სადაც ქართველი ემიგრანტები ჯვაროსნების სამშობლოში დაბრუნებამდე რამდენიმე საათით ადრე შეიკრიბნენ.

ისტორიული წარმატების ავტორებზე შეყვარებულმა და გულანთებულმა, დიდმა თუ პატარამ - ყველამ, ვინც დღეს დილის 4 საათიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე თავი მოიყარა და ზღაპრის სანატრელ პერსონაჟებთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდა, გზის სავალი ნაწილი სრულად დაიკავა. ნაკრების გამოჩენას მოჰყვა უწყვეტი შეძახილები და საცობი მთელი გზატკეცილის ტერიტორიაზე. დიდი ევროპული თავგადასავლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებული ეროვნული ნაკრები გულშემატკივარმა ესკორტით გააცილა.

სამშობლოში დაბრუნებულები, აეროპორტიდან მიხეილ მესხის სტადიონის ბაზაზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდნენ. ქართველ ფეხბურთელებს მადლობის გარეშე არ დაუტოვებიათ გულანთებული ქომაგები, რომლებმაც საოცარი მხარდაჭერის მაგალითი მთელ ევროპას აჩვენეს. ქომაგებმა მადლობა მიიღეს ფეხბურთის ფედერაციიდანაც.

მათი გულშემატკივრების არმიისთვის აეროპორტის ვი-აიპ ტერიტორია კი დღეს დილით გაიღო, ქართველი ქომაგები მოწინავე, პოზიციების დასაკავებლად, ერთმანეთს ასწრებდნენ. წინა ხაზზე იყვნენ ბავშვები-  მომავალი თაობა, რომლისთვისაც ქართველი ფეხბურთელები გმირებად იქცნენ. მთავარი ატრიბუტი ყველასთვის საქართველოს დროშა და ეროვნული ნაკრების მაისური იყო.

გულშემატკივრებისთვის დღევანდელი დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცა. სანატრელი გამარჯვების შემდეგ, სანატრელ შეხვედრაზე მისულები ამბობდნენ, რომ ამაყობენ ბიჭებით, რომლებმაც მათი პატარა სამშობლო მთელს მსოფლიოს ღირსეულად გააცნეს და დიდ ევროპულ არენებზე ეროვნული ჰიმნი ოთხჯერ ააჟღერეს.

ქომაგები, გამთენიისას, აეროპორტის მთავარ შენობაშიც შეიკრიბნენ. თავდაპირველად, სწორედ იქ ელოდებოდნენ ქართველი ფეხბურთელების გამოჩენას, იყო შეძახილები და სიმღერებიც.

დღეს, ყველაზე აღელვებულები იყვნენ პატარა გულშემატკივრები, მომავალი ფეხბურთელები და უბრალოდ ქართულ ფეხბურთზე შეყვარებული პატარები, რომლებმაც კუმირებთან შეხვედრის მოლოდინში მთელი ღამე გაათენეს.

ქართველ გმირებთან შესახვედრად, საათების ათვლა მთელმა ქვეყანამ თავიდან დაიწყო. ერთგულ გულშემატკივარს ნაკრები თავისუფლების მოედანზე შეხვდება.

დღის ამბები