ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საქმის პროკურორის, ანი ხახანაშვილის განცხადებით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები კანონის სრული დაცვით მოიპოვეს.
მისივე თქმით, მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს სასამართლო მომდევნო სხდომაზე გადაწყვეტს.
"ბრალდების მხარემ სასამართლოს წარვუდგინეთ და ვიშუამდგომლეთ კანონის სრული დაცვით მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობა. დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ასევე განვიხილეთ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები, ბრალდების მხარემ შუამდგომლობა დავაყენეთ მათ მიერ წარმოდგენილი მასალების დაუშვებლად ცნობის თაობაზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ისინი კანონის არსებითი ხასიათის დარღვევითაა მოპოვებული. ასევე, დღევანდელ სხდომაზე გადაისინჯა ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების საკითხი და, არგუმენტების მოსმენის შემდეგ, სასამართლომ ძალაში დატოვა შეფარდებული პატიმრობა. ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები კანონის სრული დაცვით აქვს მოპოვებული. მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე სასამართლო მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს,"- განაცხადა ხახანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, მარიამ იაშვილი პატიმრობაში დატოვა.
დაკავებული ცოლ-ქმარი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.
ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.