სახალხო დამცველი აქციაზე დაკავებულები მოინახულა. ლევან იოსელიანი ავჭალაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა. დაკავებულებთან შესულია ადვოკატიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით, 11 პირი დააკავეს. მათ შორისაა პარტია "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.
ომბუდსმენის თქმით, დღესვე მოინახულებს სხვა იზოლატორში მყოფ დაკავებულებს.
"მთელი ღამის განმავლობაში, ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ წინასწარი დაკავების დაწესებულებებთან. ვიცით, რომ ერთი ადამიანი გადაყვანილია ბოკერიას სახელობის კლინიკაში. აქედან მივდივარ დიღმის იზოლატორში, სადაც, ასევე, რვა პირი იმყოფება. მათაც შევხვდები. მინდა, მათგან მქონდეს ინფორმაცია, რა გარემოებებში მოხდა მათი დაკავება. აქ ვინც ვნახე, ორი მიუთითებს დაზიანებაზე და ერთს ეტყობა სახეზე, მეორე თვითონ ამბობს, რომ არ ეტყობა", – განაცხადა იოსელიანმა.