25 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
"ეს ქვეყანა იმსახურებს, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით გადაწყდეს, ვინ იქნება ქვეყნის სამსახურში" - ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით

უმრავლესობის მიერ, პრეზიდენტის არჩევის თარიღის დანიშვნას, ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები პროცესს ნდობას არ უცხადებენ.

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის”, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება. 

"ეს პროცედურები არის ფერუმარილის მიყრა, რომელიც არ მუშაობს და არ იმუშავებს. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ყველაფრისთვის ლეგიტიმაციის მიცემას. გავაგრძელებთ პროტესტს, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით გადაწყდეს, ვინ იქნება ქვეყნის სამსახურში", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლევან სანიკიძეს კი მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში პირდაპირი წესით უნდა ირჩეოდეს.

"მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში პრეზიდენტი პირდაპირ წესით უნდა ირჩეოდეს. აპირებენ თვითმარქვია პრეზიდენტის არჩევას და ვნახოთ, ქართული ოცნებისთვის ეს დასავლურ და საერთაშორისო სივრცეში იქნება თუ არა დისკომფორტის შემქმნელი, როდესაც მათი არჩევნები არ არის აღიარებული," - აცხადებს ლევან სანიკიძე.

განცხადება გააკეთა პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ბექა ლილუაშვილმა. 

"არჩევნებს, როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ბერკეტს და ინსტრუმენტს დაუკარგეს ყველანაირი ფასი. რა მნიშვნელობა აქვს არჩევნების ფორმას. ეს იყო საყოველთაო ერთიანი ეროვნული არჩევნები, ახლა იქნება კონსტიტუციით განსაზღვრული სხვა წესით, მაგრამ რა თქმა უნდა, ის არჩევნებიც იქნება იგივენაირად მოპარული, როგორც მოიპარეს ეს არჩევნები," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

 

 

 

 

დღის ამბები