"მთავარია, რომ ყველაფერი წესით და რიგით მიდიოდეს. მთავარია, რომ პრობლემა არ შეექმნას ინსტიტუტების მუშაობას. არათუ პრობლემა, ხარვეზიც კი არ არის არანაირი არცერთი ინსტიტუტის მუშაობაში. შედგა მე-11 მოწვევის პარლამენტი, უფლებამოსილება ცნობილია ყველა დეპუტატის," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, თუ ოპოზიციას სურს უარი თქვას მანდატებზე, ახლა უკვე შეუძლიათ შესაბამისი განცხადება დაწერონ.
"რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, მობრძანდნენ, მიიღონ მონაწილეობა ან დაწერონ განცხადება, ახლაა ის დრო, როდესაც განცხადების დაწერას შესაბამისი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ვინმე ხომ არ გამოჩენილა?! - ხომ არ იცით ვინმე, ვინც გამოჩნდა, განცხადება დაწერა და მანდატი დატოვა?! - შეიძლება კაი ხანი არ გამოჩნდეს ვინმე, იმიტომ, რომ როცა არ იყო ამისი დრო, მაშინ [წერდნენ განცხადებებს]. ეს იგივეა შინაგან საქმეთა სამინისტროში რომ შეიტანო ჯანდაცვის სფეროდან დაფინანსების მიღებაზე განცხადება. იმიტომ, რომ ზუსტად იცი იქიდან ვერ დაგაფინანსებენ, ასეთი განცხადება დაწერეს. თუ ვინმეს რაიმე განცხადების დაწერა უნდა, მოვიდეს ახლა დაწეროს და ჩვენ მივიღებთ შესაბამისს გადაწყვეტილებას," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.