25 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
დღესდღეობით ვხედავთ პირდაპირ ეთერში, როგორ ღალატობს პარლამენტის წევრი საკუთარ ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციასა და ევრონესტში განვითარებულ მოვლენებზე 

კოორდინირებული ქმედება საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევრონესტში განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები ერთად მოქმედებენ.

"რა თქმა უნდა, ადამიანების პროტესტი არის გასაგები, იმიტომ, რომ პირდაპირ ეთერში ვნახეთ, რას ნიშნავს ქვეყნის ღალატი. დღესდღეობით ვხედავთ პირდაპირ ეთერში, როგორ ღალატობს პარლამენტის წევრი საკუთარ ქვეყანას.  

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის ერთი გუნდი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მიუხედავად იმისა, ფორმალურად რა პარტია ჰქვია. ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი მოქმედებენ შეთანხმებულად და იცის უკვე საზოგადოებამ, რომ ამ რეზოლუციის პროექტს ჰქონდა საქართველოს დელეგაციიდან "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ხელმოწერა, მოლდოვის დელეგაციის ხელმოწერა, საჭირო იყო კიდევ ორი ხელმოწერა. 4 ოპოზიციონერი იყო იქ, 2-ს მაინც რომ ეფიქრა მეტი საკუთარ ქვეყანაზე და არა დავალებებზე, იქნებოდა ინიცირებული.

ასევე, სამწუხარო პოზიცია იყო უკრაინის დელეგაციის მხრიდან. ვნახეთ აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადება უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლის იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რატომ არ უჭერდნენ მხარს - თითქოს საქართველოში ხდება სანქციების გვერდის ავლა. ვნახეთ, რომ, საბოლოო ჯამში, უკრაინის დელეგაციის ეს წარმომადგენლები და "ნაციონალური მოძრაობა" მოქმედებენ ერთად. ამაზე ვსაუბრობ ხოლმე, როდესაც ვსვამ კითხვას "ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციის მიმართ, რომელ დროშაზე დადეს მათ ფიცი - საქართველოს დროშაზე, თუ სხვა ქვეყნის დროშაზე? ჩვენ ვხედავთ, რომ მათთვის საქართველო არ არის სამშობლო და სახელმწიფო, ისინი სხვა სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ და არა საკუთარი ქვეყნის და ხალხის," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. 

საქმე ეხება ევრონესტში განვითარებულ მოვლენებს. ბრიუსელში სახელისუფლებო გუნდის ინიციატივა ოპოზიციამ და უკრაინულმა დელეგაციამ ორი დღის წინ ჩააგდო.

საჭირო იყო 10 ხმა, რეზოლუციის პროექტს კი მხარი ოცნებასთან ერთად, მხოლოდ მოლდოვის დელეგაციამ დაუჭირა. დოკუმენტი საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ევროინტეგრაციის მხარდაჭერას და პროცესის დაჩქარების ხელშეწყობას ეხებოდა. პროექტში ასევე საუბარი რუსული აგრესიის შედეგებსა და განგრძობად ოკუპაციაზე.

დღის ამბები