სპეციალური საგამოძიებო სამსახური, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დასაცავად ცნობიერების ამაღლების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებს.
როგორც სამსახურში აცხადებენ, შეხვედრების ციკლი 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.
"ქვეყნის მასშტაბით შეხვედრები, ჯამში, 70 სკოლაში ჩატარდა. მათგან, საინფორმაციო კამპანიამ მოიცვა თბილისის - 22, შიდა და ქვემო ქართლის - 9, კახეთის - 11, იმერეთის - 11, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის - 11 და სამეგრელოს - 6 სკოლა", - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ საინფორმაციო კამპანიის მიზანი სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტების აღმოფხვრა, დანაშაულისგან დაცვა და მათი გაფრთხილებაა, რადგან "ბოლო პერიოდში ხშირია სოციალური ქსელებით არასრულწლოვნების პირადი ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალით შანტაჟისა და იძულების, დახურულ ჯგუფებსა და სხვადასხვა პირთან მასალების გავრცელების ფაქტები".
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ ამ ტიპის დანაშაულები სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება და ფაქტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.
"შეხვედრების ფარგლებში, გამომძიებლებმა სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მასიურად გავრცელებულ დანაშაულებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, თუ რა არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, როგორ და რა ფორმით ხდება პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა, ვის უნდა მიმართონ მოსწავლეებმა ინტერნეტ სივრცეში მათი შანტაჟის, კიბერბულინგის და მათი პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევაში", - აცხადებენ უწყებაში.
სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები, ასევე მანდატურის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლებიც უძღვებოდნენ, რომლებმაც ბულინგისა და კიბერბულინგის საკითხებზე იმსჯელეს.
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და არასრულწლოვნების ცნობიერების ასამაღლებლად, მუშაობას აქტიურად აგრძელებს და ამ კუთხით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობს.
სამსახური, კონფიდენციალურობის სრული დაცვით ყველა შემთხვევაზე მყისიერ რეაგირებას ახდენს. ამ ტიპის დანაშაულების შესახებ ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვეობითაც - 199", - ვკითხულობთ სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.