25 ნოემბერი 2024,   14:57
ვრცლად
განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდა, ახალი საგრანტო პროგრამები და საინტერესო აქტივობები სტუდენტებისთვის - რას ითვალისწინებს განათლების სისტემის ახალი ხედვა

უახლოეს დღეებში საქართველოში მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი დაიწყება. მასში მთელი ქვეყნის ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტიდან 25 000-მდე სტუდენტი ჩაერთვება.

ღონისძიება 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. სიახლის შესახებ ახალგაზრდებს გიორგი ამილახვარმა განათლების პოლიტიკის ახალი ხედვის წარდგენისას უთხრა. სტუდენტური ფესტივალი ერთადერთი პროექტი არ არის, რომლის განხორციელებასაც განათლების სამინისტრო მომდევნო წლებში ახალგაზრდებისთვის აპირებს.

უწყების ახალი პოლიტიკა განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდასთან ერთად, სტუდენტებისთვის არაერთ აქტივობას, საგრანტო პროგრამებსა და ახალგაზრული ბანაკების განახლებასაც ითვალისწინებს. განათლების მინისტრის განცხადებით, დაგეგმილი პროექტები სტუდენტების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი სტუდენტურ დასაქმებას უკავშირდება, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება. ახალგაზრდებს საჯარო თუ კერძო სექტორში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა მინისტრმა სტუდენტებს ქვეყნის პრემიერთან ერთად წარუდგინა. ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებს უთხრა, რომ მათ საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტად კი, ანაზღაურებადი სტაჟირება დაასახელა. პრემიერმა ისიც განაცხადა, რომ მომდევნო წლებში უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის სრული განახლება იგეგმება. განათლების სამინისტროს ახალგაზრდული ფესტივალის ჩატარებაში დედაქალაქის მერია დაეხმარება.

ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის პრეზენტაციას კახი კალაძეც ესწრებოდა. ქვეყნის განვითარების ახალ ოთხწლიან გეგმას სახელისუფლებო გუნდი შემოდგომით წარადგენს. სამთავრობო პროგრამაში ახალგაზრდობის საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. უახლოეს პერიოდში კი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე მსჯელობას კანონმდებლები დაიწყებენ. დოკუმენტი 20 წლის შემდეგ პირველად განახლდება.

დღის ამბები