25 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
"ქალთან სქესობრივ კავშირს მობილურით იღებდა" - დააკავეს 63 წლის კაცი, რომელმაც, დაშორების შემდეგ, ინტიმური მასალა ქალის ოჯახის წევრს გაუგზავნა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 2 პირი დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული 63 წლის კაცია. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებული დაზარალებული ქალი სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 1960 წელს დაბადებულ ბრალდებულთან, რომელიც მათ შორის არსებულ სქესობრივ კავშირს მობილური ტელეფონით იღებდა. ამავე პერიოდში, დაზარალებული ბრალდებულს თავისი ინტიმური შინაარსის ფოტოებსაც უგზავნიდა. მას შემდეგ რაც დაზარალებულმა აღარ მოინდომა ურთიერთობის გაგრძელება ბრალდებულთან, ამ უკანასკნელმა, შურისძიების მოტივით, 2024 წლის თებერვლის თვეში, აპლიკაცია Whatsapp-ის გამოყენებით, ზემოაღნიშნული ინტიმური შინაარსის მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრს გადაუგზავნა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ, დაზარალებულის მიმართვის შემდეგ, გამომძიებელმა გაჩხრეკა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი, ასევე ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალა და ბრალდებული დააკავეს.

სამსახურმა ასევე გახსნა პირადი ცხოვრების ხელყოფის კიდევ ერთი ეპიზოდი, რის შედეგადაც 1985 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

"ბრალდებულს, 2021-2022 წლებში, ინტიმური ხასიათის ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულ ქალთან, რა დროსაც ისინი ერთმანეთს სხვადასხვა გზით ეკონტაქტებოდნენ, მათ შორის - ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით. ვიდეოზარის მიმდინარეობისას, ბრალდებული, ფარულად მობილური ტელეფონით შიშველ დაზარალებულს სურათებს (ე.წ. სქრინები) უღებდა. ბრალდებული, ასევე, მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა, მათი სქესობრივი კავშირის ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

დანაშაულში მხილებულ ორივე ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის ბრალდება წარედგინა და, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.

დღის ამბები