ბერლინში იმართება 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის ფარგლებშიც, 15-21 თებერვალს ევროპული კინოს ბაზრობა (EFM) ჩატარდება.
"ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და "ჯორჯიან ეარვეისის" მხარდაჭერით, ტრადიციულად, წარდგება საქართველოს სტენდით, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას", - აცხადებენ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში.
კინოცენტრის ცნობითვე, ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით, დელეგაციაში არაერთი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლების გაცნობას და დასახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე, ქვეყნის კინოწარმოების განვითარების კუთხით.
"ეს ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას. კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი შემოქმედებით თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპული ბაზარი და ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარიზაციას.
ევროპულ კინობაზრობაზე საქართველოს დელეგაცია, რომელსაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია ხელმძღვანელობს, არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს პროდიუსერებთან, კომპანიების, კინოთეატრების, ონლაინპორტალებისა თუ საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან. დაიგეგმება პროექტები, რომლებიც საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავს. ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილია საქართველოს, როგორც კინოწარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის, რეკლამირება/პოპულარიზაცია. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სტენდზე ეროვნული კინოცენტრის გუნდთან ერთად მუშაობენ პროგრამის - „გადაიღე საქართველოში“ - წარმომადგენლები.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოქმედებს „ევროპული კინოს ხელშეწყობის“ (EFP - European Film Promotion) ერთ-ერთი საკონკურსო პროგრამა European Shooting Stars-ი. კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების ჟიურიმ 2023 წლის ათ ევროპელ ტალანტს შორის გამოარჩია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ წარდგენილი მსახიობი სალომე დემურია, რომელიც რუსუდან გლურჯიძის ფილმში „ანტიკვარიატი“ შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის დასახელდა. მას ჯილდოს 19 თებერვალს გადასცემენ. კინოფესტივალის მსვლელობისას მსახიობს, უცხოელ კოლეგებთან ერთად, შესაძლებლობა ექნება, პირისპირ შეხვდეს კინოინდუსტრიის ცნობილ წარმომადგენლებს. საგულისხმოა, რომ EFP-ი საერთაშორისო ქსელია, რომელიც 37 ქვეყნის კინოორგანიზაციებს აერთიანებს. მათ შორის არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
ქართულ და ევროპულ კინოს ათწლეულების მანძილზე მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. სწორედ ამ ურთიერთობის გაღრმავებისა და ახალი თანამშრომლობის პერსპექტივების წარმოსაჩენად იმყოფება წლევანდელ ბერლინალეზე საქართველოს კინოცენტრის წარმომადგენლობითი დელეგაცია", - აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.