საზოგადოებრივი ტრანსპორტით დედაქალაქში გადაადგილება უნდა იყოს ყველაზე სწრაფი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და, ამ მიმართულებით, ყველაფერს ვაკეთებთ - დღეიდან, #302 მარშრუტზე 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გავიდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა
მისივე თქმით, დღეიდან აღნიშნული ავტობუსები, დიდი დიღმის დასახლებიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებს და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებს.
როგორც კალაძე აღნიშნავს, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, კიდევ 40 ავტობუსის ყიდვა იგეგმება.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე კომფორტული, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დედაქალაქში გადადგილება უნდა იყოს ყველაზე სწრაფი ყველასთვის ხელმისაწვდომი და რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ ამ მიმართულებით, ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, რომ არ ყოფილიყო ეს გამოწვევები და პრობლემები ამხელა რეფორმის განხორციელებას არ დავიწყებდით, ხომ?! გვინდა, უკეთესი გავხადოთ ჩვენი ქალაქი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ერთ-ერთი საუკეთესო. ამისკენ მივისწრაფვით.
დღეს დილიდან, #302 მარშრუტზე 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გავიდა. საზოგადოებამ იცის, რომ არასოდეს ამირიდებია თვალი ქალაქში არსებული პრობლემებისთვის. კარგად ვიცით, რომელ უბანს რა პრობლემები აქვს და შემთხვევით არ არის ის, რომ ეს კონკრეტული ავტობუსები დიდი დიღმის მარშრუტზე შევიყვანეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეიდან აღნიშნული ავტობუსები, დიდი დიღმის დასახლებიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებს და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებს“, - განაცხადა კალაძემ.