სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით "დე-ფაქტო" ალბანეთში, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. დედაქალაქ ტირანაში სამართალდამცველებმა ჩხრეკისას რამდენიმე ქოლ-ცენტრიდან ათასობით ევრო, 82 კომპიუტერი, 23 მობილური ტელეფონი და დოკუმენტაცია ამოიღეს. დაკავებულია ქოლ-ცენტრების 4 მენეჯერი. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, სატელეფონო ზარების მეშვეობით, დიდი ოდენობით თანხებს სძალავდნენ.
ალბანეთში სპეცოპერაციების სერია იმ საერთაშორისო გამოძიების ნაწილია, რომლის ფარგლებში, "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, სომხეთში დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი, მიხეილ ბინიამინი დააკავეს.
საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქე გერმანიის მოთხოვნით ერევანში აიყვანეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ახლო ნათესავი ქოლ-ცენტრების ტრანსნაციონალური ქსელის ალბანური ფილიალის მთავარ კურატორად სახელდება. დავით კეზერაშვილთან ერთად მისი სახელი ნახსენებია BBC-ის სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებაშიც. მრავალმილიონიან თაღლითურ სქემასთან მისი კავშირის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება "კურიერმა" მიხეილ ბინიამინის ოჯახთან სცადა, თუმცა ფაქტზე საუბარი არ ისურვეს.
მიხეილ ბინიამინის მსგავსად, ევროპულ მართლმსაჯულებასთან პრობლემები აქვს მის პარტნიორს, ალბანეთის მოქალაქე ამანთ ჯოსიფის. ის ესპანეთის მოთხოვნით სექტემბერში, დუბაიში დააკავეს. სხვებთან ერთად ამანთ ჯოსიფი უცხოურ მედიაში მოხსენიებულია, როგორც დავით კეზერაშვილის სახელთან ასოცირებული მილტონ გრუპის წარმომადგენელი.
ალბანეთი, უკრაინა, გერმანია, შვედეთი, ესპანეთი - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც ევროჯასთის ეგიდით ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით გამოძიება გრძელდება საქართველოს პროკურატურაშიც.
ქოლ-ცენტრების საქმეზე დავით კეზერაშვილის ბიძაშვილის დაკავებას დღეს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა საქართველოში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ კეზერაშვილის და მისი გარემოცვის მიმართ კითხვები საფუძვლიანია, მეორე ნაწილი კი პასუხებს გამოძიებისგან ელოდება.
ტრანსნაციონალურ დანაშაულთან კეზერაშვილის ახლო ნათესავის კავშირი არ უკვირთ საპარლამენტო უმრავლესობაში. დეპუტატები ამბობენ, რომ ამ ეჭვებს კეზერაშვილის წარსულიც ამყარებს.
ქოლ-ცენტრების ირგვლივ საერთაშორისო გამოძიება გრძელდება. თაღლითური სქემით ევროპის ათასობით მოქალაქე დაზარალდა, რომლებსაც მოტყუებით მილიონობით თანხა გამოსძალეს.