25 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მიღწევაა - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის ისტორიაში, უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.

როგორც მინისტრმა "ელჩების კონფერენცია 2023-ზე" სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 2023 წლის მანძილზე გადადგმული ყველა წარმატებული ნაბიჯი, ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობის, შეუქცევადი განვითარების და კეთილდღეობის მიღწევას ემსახურებოდა.

"წლევანდელ კონფერენციას ვხსნით უმნიშვნელოვანესი მიღწევით საქართველოს ევროინტეგრაციის ისტორიაში – საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით, პარლამენტის ნაყოფიერი მუშაობით, სამთავრობო უწყებების კოორდინირებული და მაღალპროფესიონალური საქმიანობით და, რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი დიპლომატიური ძალისხმევით და გუნდური სულისკვეთებით, შევძელით გადაგვედგა მორიგი მკაფიო ნაბიჯი იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც ჩვენ სანუკვარ ოცნებას საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა. და ეს ნაბიჯი გადავდგით ღირსეულად, საერთო ევროპული ღირებულებებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვით.

2023 წლის მანძილზე გადადგმული ყველა ჩვენი წარმატებული ნაბიჯი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, უზრუნველყოფილი იქნეს ქვეყნის უსაფრთხოება, მშვიდობა და შეუქცევადი გავხადოთ განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევა. ამავე დროს, ეს ყოველივე არასრულფასოვანი იქნება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე. ჩვენ ყოველდღიურად ვაგრძელებდით მუშაობას მთავარი პრიორიტეტის, მშვიდობიანი გზით, ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

დღის ამბები