ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო, შობის დღესასწაულის აღნიშვნა ბეთლემში ფაქტობრივად გაუქმდა.
მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინში, სადაც ისრაელის ძალები, პალესტინის ტერორისტულ ჯგუფებს, რეიდების განხორციელებისას არაერთხელ დაუპირისპირდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა, "ჰამასის" მებრძოლთა გვირაბის კადრები გაავრცელა, სადაც ებრაელი ტყვეების 5 ცხედარი აღმოაჩინეს. მათივე ინფორმაციით, აღმოჩენილია გვირაბების 2 ქსელი და ლიფტი, რომელიც 10 მეტრის სიღრმეზე, სამეთაურო ცენტრამდე ჩადიოდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ "ჰამასის" წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციები ღაზაში გამარჯვებამდე გაგრძელდება. ეს კომენტარი, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ გაავრცელა.
ოფიციალური ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ნეთანიაჰუს მოუწოდა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება არ ყოფილა.